საგანგებო მდგომარეობა, სავალდებულო ევაკუაცია, მობილიზებული ეროვნული გვარდია და ჟანდარმერია, უკვე მეექვსე დღეა საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთში, ჟირონდისა და ლანდის დეპარტამენტებში, მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვიან. სტიქიის ზონიდან თითქმის 220 ათასი ადამიანია ევაკუირებული. ათასობით მეხანძრის, სამხედროსა და მოხალისის ძალისხმევის მიუხედავად, ძლიერი ქარი, მაღალი ტემპერატურა და გვალვა ცეცხლის სწრაფ გავრცელებას უწყობს ხელს. ხანძარმა იშვიათი მეტეოროლოგიური ფენომენი, "ცეცხლოვანი ღრუბლები" წარმოშვა. ეს ანომალია ქარის მიმართულებას ცვლის, ახალ კერებს აჩენს და ხანძრის ლოკალიზებას კიდევ უფრო ართულებს.
ქვეყნის მასშტაბით უკვე 160 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია სრულად განადგურდა. დაშავებულია 90-ზე მეტი მეხანძრე, დაიღუპა ერთი მოხალისე. ამ დროისთვის ცეცხლი ბორდოდან 15 კილომეტრშია. სტიქიის ზონაში ჰაერში მავნე ნივთიერებების კონცენტრაციამ დასაშვებ ნორმას გადააჭარბა, რის გამოც მოსახლეობას მთავრობა სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს. სამხედრო ინჟინრებმა, კერების გავრცელების შესაჩერებლად, 103-კილომეტრიანი ხანძარსაწინააღმდეგო ზოლი მოაწყვეს. საქმეში ჩაერთო სამართალდამცავი უწყებაც, სტიქიის გამომწვევი მიზეზების გამოძიების საქმეზე დააკავეს ან დაკითხეს 160-ზე მეტი პირი.
კრიტიკული ვითარებაა მეზობელ ესპანეთშიც, ქვეყანა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ტყის ხანძარს ებრძვის. მადრიდის, ტოლედოსა და ავილას რეგიონებში ამ დროისთვის 8 აქტიური კერის ლოკალიზებას ცდილობენ. გადამწვარია 170 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია, სტიქიის ზონიდან კი 63 152 ადამიანია ევაკუირებული.
მედიის ცნობით, აღმოსავლეთ ესპანეთში, კასტელიონის პროვინციაში, ხანძრის გავრცელების შეკავებას დამატებით ართულებს 1938 წლის სამოქალაქო ომის დროინდელი თავდაცვითი ხაზი. ტერიტორიაზე დღემდეა შემორჩენილი აუფეთქებელი საბრძოლო მასალა, რომელიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით შესაძლოა აფეთქდეს. ეს კი მეხანძრეებისთვის დამატებით საფრთხეს ქმნის.
მიმდინარე სტიქიური უბედურების გარემოებებსა და გამომწვევ მიზეზებზე საერთაშორისო მედიასთან ექსპერტები საუბრობენ. სპეციალისტების შეფასებით, არსებული კრიზისის მთავარი და გადამწყვეტი ფაქტორი კლიმატის გლობალური ცვლილებაა, რომელიც ექსტრემალური სიცხის ტალღებს, ხანგრძლივ გვალვებსა და უპრეცედენტო მეტეოროლოგიურ მოვლენებს იწვევს.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.