რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით, - ამის შესახებ, "იმედის" ეთერში საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
წამყვანმა მას კითხვა დაუსვა ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის გადაწყვეტილებაზე და იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველოს მთავრობა გეგმავს მომავალი 6 თვის განმავლობაში, რომლის შემდეგაც გაირკვევა, დასანქცირდება თუ არა "ყულევი".
"ინტენსიურად ვმუშაობთ ევროკავშირის მხარესთან. როდესაც ვსაუბრობთ სანქციების პოლიტიკის განხორციელებაზე, საქართველო არის ამ მიმართულებით კეთილსინდისიერი პარტნიორი. დღემდე არ იძებნება არცერთი თემა, საკითხი, შემთხვევა, რომელიც დაადასტურებდა იმას, რომ საქართველოს ტერიტორია სანქციების გვერდის ავლისთვის იყო გამოყენებული. ამ პოლიტიკას მივყვებით, დღიდან გაცხადებისა, ამას გავაგრძელებთ. ამ კონტექსტში ვმუშაობთ ევროკავშირის შესაბამის სამსახურებთან. საჭიროების შემთხვევაში ყველანაირი ინფორმაცია მიეწოდება ევროკავშირის მხარეს იმისათვის, რომ ის, რასაც ვსაუბრობთ, დოკუმენტურად იყოს ნაჩვენები, თუ ეს საჭიროება არსებობს ევროკავშირის მხარის მიერ.
გარკვეულად უცნაურიც არის, 6 თვის წინსწრებით სანქციების სიაში კომპანიის შეყვანა, თუმცა ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. საკმაოდ ხანგრძლივი იყო ამ პაკეტზე შეთანხმების პროცესი. არაერთი ქვეყნის ინტერესი გამოჩნდა, რომ სხვადასხვა მიმართულებით არ ყოფილიყო კომპანიების ჩამონათვალი ისეთი, როგორიც პირველად შეთავაზებაში და მთელი რიგი ცვლილებები განიცადა ამ პაკეტმა. რთულია, როდესაც არ ზის საქართველო მოლაპარაკებების მაგიდასთან, დაიცვა შენი ქვეყნის ინტერესები, თუმცა ვაგრძელებთ ევროკომისიასთან მუშაობას იმისათვის, რომ ექვსთვიანი პერიოდი დასრულდეს ჩვენი ინტერესების მაქსიმალური დაცვით," - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.