31 ივლისი 2026,   21:47
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი: ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან

„ეს არის ძალიან დიდი შეცდომა, რომელსაც ევროკავშირი უშვებს, როდესაც დაკავშირებადობაზე საუბრისას საქართველოს ტოვებს პოლიტიკური დიალოგის ფორმატებიდან,“ - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გაძლიერება ორივე მხარის ინტერესებშია.

„ეს არის შეცდომა, მეტი არაფერი. ჩვენ ვკარგავთ უბრალოდ დროს. საქართველო არანაირად დასჯილი არ არის ამ შემთხვევაში, ვერ იქნება უბრალოდ. ჩვენ ჩვენი საქმე გვაქვს, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა და პოტენციალი გვაქვს და, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ და გავაგრძელებთ მუშაობას იმაზე, რომ ის პოტენციალი, რაც ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობით და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებით გვაქვს, არ გავფლანგოთ და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ შემთხვევაში პოლიტიკური დიალოგი ევროკავშირთან ისევე სჭირდება საქართველოს, როგორც ევროკავშირს. შესაბამისად, ინტერესი, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან უნდა იყოს, რომ სწორედ იმ ქვეყანასთან, რომელიც ყველაზე ახლოს არის ევროკავშირთან რეგიონში, ყველაზე ახლოს პოლიტიკურად, ეკონომიკურად, მათ ინტერესში უნდა იყოს ამ ქვეყანასთან ინტენსიური პოლიტიკური დიალოგი და კავშირების გაძლიერება,“ - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ევროკავშირის პოლიტიკური დიალოგის აღდგენის რესურსი არსებობს და შესაბამისი ფორმატების განახლებისთვის ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკური ნებაა საჭირო.

„დიალოგის რესურსი ყოველთვის არსებობს, მთავარია სურვილი არსებობდეს. თუკი სურვილი იარსებებს, ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება. ასოცირების შეთანხმებაში გაწერილია პოლიტიკური დიალოგის უამრავი ფორმატი, რომელიც სწორედ ევროკავშირის გადაწყვეტილებით არის შეჩერებული და მათივე გადაწყვეტილებით ძალიან მარტივია ამ დიალოგის ფორმატების განახლება სხვადასხვა მიმართულებით. ეს ეხება სწორედ დაკავშირებადობის საკითხებსაც და ყველა მნიშვნელოვან საკითხს, რაც შეიძლება იყოს ორ მხარეს შორის ურთიერთობებში. ეს ყველაფერი არის, ახალი არაფერია მოსაფიქრებელი. მარტივად არის პოლიტიკური გადაწყვეტილება შესაცვლელი ევროკავშირის მხრიდან და დამოკიდებულება შესაცვლელი ისევ და ისევ ევროპის საჭიროებებიდან გამომდინარე,“ - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

დღის ამბები