30 ივლისი 2026,   23:56
ვრცლად
სვანეთი კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინო მოყვარულებს მასპინძლობს - მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალმა სტარტი აიღო

ნიკოლას შტრაუსის ფილმი - "რობსონი" მაყურებელს კანადის ერთ - ერთ ყველაზე რთულ და მიუვალ მწვერვალზე ამოგზაურებს. ნამუშევარი იმ კინოსურათებს შორისაა, რომელიც მიხეილ ხერგიანის სახელობის პრიზისთვის იბრძვიან.

სად, თუ არა მესტიაში უნდა დაბადებულიყო ფესტივალი, რომელიც ალპინიზმს, მთას და საქართველოს მსოფლიოს შეაყვარებდა.

მესტიის მოკლემეტრაჟიანი და მთის ფილმების საერთაშორისო ფესტივალი კინორეჟისორებს, პროდიუსერებს, კინოკრიტიკოსებს და კინომოყვარულებს მთელი მსოფლიოდან მასპინძლობს.

საკონკურსო პროგრამაში 24 ფილმია წარმოდგენილი. ნამუშევრები მთის თემატიკას განსხვავებული ჟანრითა და ხელწერით აცოცხლებენ. გამარჯვებულებს საერთაშორისო ჟიური გამოავლენს, რომლის თავმჯდომარე ავღანელი რეჟისორი და ოქროს გლობუსის მფლობელი სიდიქ ბარმაკია.

ფესტივალი ოთხი ტიპის ჯილდოს გასცემს - გრანპრი, მთის თემატიკის პრიზი, მოკლემეტრაჟიანის ფილმების პრიზი და ერთი თავისუფალი პრიზი, რომელსაც ჟიური სურვილისამებრ გადაწყვეტს.

ფესტივალი მხოლოდ საკონკურსო ჩვენებებს არ მოიცავს. დაგეგმილია საერთაშორისო მასტერკლასები და არასაკონკურსო ჩვენებებიც. მესტიის კულტურის ცენტრში გაიმართება ფოტოგამოფენა. ნათელა გრიგალაშვილისა და შალვა ალხანაიძის ნამუშევრები ფესტივალის სტუმრებს საქართველოს მთიან რეგიონს სხვადასხვა კუთხით გააცნობს. ღონისძიების ფარგლებში შედგა ქართულ ალპინიზმზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.

ფესტივალი გუშინ გაიხსნა და 2 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ღონისძიების მხარდამჭერია ფონდი - მესმა, კულტურის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები