07 აგვისტო 2026,   17:08
ვრცლად
"გია ბარამიძემ მოიხადოს ბოდიში იმ, ფაქტობრივად, ბრალდებისათვის, რომლითაც მან შეურაცხყო არა მხოლოდ 1992-93 წლებში აფხაზეთში ნაომარი ადამიანები, არამედ ზოგადად, ყველა ვეტერანი და ჯარისკაცი" - კობა ლიკლიკაძე

საქართველოს პროკურატურამ გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით გამოძიება დაიწყო. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლის, კობა ლიკლიკაძის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნის სიტყვები მძიმე შეურაცხყოფაა ყველა ჯარისკაცისთვის, რის გამოც იგი ვალდებულია, საზოგადოებასა და მეომრებს საჯაროდ მოუხადოს ბოდიში.

"გია ბარამიძემ მოიხადოს ბოდიში იმ ძალიან მძიმე განცხადებისათვის, ფაქტობრივად, ბრალდებისათვის, რომლითაც მან შეურაცხყო არა მხოლოდ 1992-93 წლებში აფხაზეთში ნაომარი ადამიანები, არამედ ზოგადად, ყველა ვეტერანი და ჯარისკაცი, გამოიყვანა რა ეს დამსახურებული ადამიანები დამხვრეტად, რომლებიც ტყვეებს თურმე არ იყვანდნენ ცოცხლად და ხვრეტდნენ. ამ კონტექსტში ახსენა, სრულიად გამაოგნებლად, რუსული დისციპლინა, რაღაც აღმატებით ხარისხში. ჩემთვის გაუგებარია მისი ეს სიჯიუტე, რომ არ დაიხიოს უკან და დაიცვას საკუთარი პოზიცია," - აცხადებს კობა ლიკლიკაძე.

ცნობისთვის, პროკურატურამ გამოძიება ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე დაიწყო. ვეტერანები მიიჩნევენ, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის სიტყვები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. თავდაპირველად, გია ბარამიძემ ერთ-ერთ პოდკასტში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვიდეომიმართვა ჩაწერა და ტყვეების დახოცვა "ხალხს" დააბრალა.

დღის ამბები