ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას მიმართავს. უწყების დირექტორის, გენერალ-მაიორ კობა კობალაძის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის სიტყვები არის უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი და წარმოადგენს შეურაცხყოფას როგორც ქართველი მებრძოლების, ისე დაღუპულთა ოჯახის წევრების მიმართ.
"ჩვენ უკვე ვალდებულები ვართ, რომ საქართველოს პროკურატურას მივმართოთ თხოვნით, რომ ჭეშმარიტების დადგენაში გაგვარკვიონ. ეს იყო როყიო, უპასუხისმგებლო, ანტისახელმწიფოებრივი განცხადება, რომელიც შეურაცხყოფას აყენებდა თითოეულ არა მარტო იქ მებრძოლ ადამიანს, არამედ თითოეული დაღუპულის ოჯახის წევრს. ცოტა უცნაურია, როდესაც მოწინააღმდეგე მხარეს არ დაუბრალებია ჩვენთვის ის, რაც ფაქტობრივად მან დააბრალა თავის სამშობლოს და თავისი სამშობლოსთვის მებრძოლ პირად შემადგენლობას," - აცხადებს კობა კობალაძე.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში თავდაცვისა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ჯერ იაგო ხვიჩიასთან პოდკასტში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომში ქართველი მებრძოლები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ, საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ კი ვიდეომიმართვა ჩაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ტყვეებს "ხალხი ხოცავდა".