„პარი სენ-ჟერმენმა“ სეზონი ტრიუმფით დაიწყო და ევროპის სუპერთასი ისტორიაში ზედიზედ მეორედ მოიპოვა. ფინალურ შეხვედრაში ფრანგულმა გრანდმა „ასტონ ვილა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა, მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი კი ხვიჩა კვარაცხელია გახდა, რომელმაც მეტოქის კარში გოლი გაიტანა.
ზალცბურგის „რედ ბულ არენაზე“ გამართულ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში მე-20 წუთზე სწორედ ქართველმა ვარსკვლავმა გახსნა: კვარაცხელიამ შეტევა მარცხენა ფლანგიდან განავითარა და მეკარეს ახლო კუთხეში ზუსტად დაურტყა.
მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ წარმატებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სეზონის ტიტულით დაწყება მისთვის და გუნდისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა:
„რთული თამაში იყო, თუმცა ვფიქრობ, რომ „ასტონ ვილასთან“ გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. ძალიან სასიამოვნოა სეზონის ტიტულით დაწყება. ბოლო ერთ წელში მეექვსე ტიტულის მოგება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ლუის ენრიკეს სამწვრთნელო შტაბთან ერთად წარმატების მიღწევა ბევრად მარტივია, რადგან ისინი ძალიან ბევრს მუშაობენ“, – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.
აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენმა“ ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა (შეგახსენებთ, რომ 2025 წელს პარიზელებმა „ტოტენჰემი“ დაამარცხეს) და გახდა ისტორიაში მხოლოდ მესამე გუნდი, რომელმაც ამ ჯილდოს მიჯრით მოპოვება შეძლო.
პარიზული კლუბი დასვენებას არ აპირებს – უკვე 16 აგვისტოს ლუის ენრიკეს გუნდი მორიგი ტიტულისთვის იბრძოლებს და საფრანგეთის სუპერთასის ფინალში „ლანსს“ დაუპირისპირდება.