20 აგვისტო 2026,   09:59
ვრცლად
ბახმაროს ფერიცვალება დოღით

თითქმის საუკუნეა, ყოველი წლის 19 აგვისტოს გურულები და მათი სტუმრები გურიის მთის კურორტ ბახმაროში დოღზე იკრიბებიან. ცხენი ამ საუკუნოვანი სანახაობის განუყოფელი ნაწილია.

ამ დღეს ბახმაროში დიდიც და პატარაც ცხენზე ამხედრებული გადაადგილდება.

ბახმაროში დოღის ტრადიცია გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან იღებს სათავეს. ყოველწლიურად, ფერისცვალების დღეს, გამოცდილი მხედრები მთელი საქართველოდან ბახმაროში იკრიბებიან და ისტორიულ შეჯიბრებაში მონაწილეობენ. ზაფხულის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სანახაობა მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ იმართება.

დოღში მონაწილეობისთვის ბახმაროში საუკეთესო მხედრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩადიან. დოღი რამდენიმე კატეგორიაში ტარდება: ერთ, ორ, სამ და ხუთკილომეტრიან დისტანციებზე. ათობით მხედარს შორის საუკეთესოებს დოღის დასრულების შემდეგ გამოვლენენ და დაჯილდოვებენ.  ბახმაროში ჩასული სტუმრებისთვის  იმართება გასართობი აქტივობები, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქტის გამოფენა-გაყიდვა. ამ დღეს ფერიცვალების ტაძარში საზეიმო  წირვა-ლოცვა აღევლინება.

გურიის მხარეში ძალიან უყვართ ცხენები და ეს ამბავიც მთელ მსოფლიოში კარგად იციან. გურული მხედრების თავზეხელაღებული ჯირითი ტრადიციად და სპორტულ სანახაობად იქცა.

ქართულ ცენოსნურ თამაშობებს, მათ შორის დოღს, 2018 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

საქართველოში დოღი (ხევსურეთში "ცხენნი", ცხენოდღი", თუშეთში "სადგინი")მიცვალებულის ხსოვნის პატივსაცემად გამართულ ცხენ-მხედართა შეჯიბრება, გავრცელებული იყო ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, ხევში, გუდამაყარში. ხევსურეთში დოღი იმართებოდა გვიანგაზაფხულსა და ზაფხულში, მონაწილე ცხენების რიცხვი კენტი იყო (5-დან 35-მდე). მათ საგანგებოდ უვლიდნენ და კვებავდნენ.

გურიაში ცხენზე კარგად ჯირითი არავის უკვირს, მთასა თუ ბარში ცხენი ამ ხალხის განუყოფელი ნაწილი იყო. მათ ერთ დროს ცხენზე კარგი ჯირითობით ხომ ამერიკელებიც გადარიეს.

ყველაფერი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, 1892 წელს დაიწყო, როდესაც იმ ხანის ძალიან პოპულარული ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელი, თომას ოლივერი ბათუმში ჩავიდა და ცხენოსნების შერჩევა დაიწყო. ველური დასავლეთის შოუების წარმომადგენლობა საბოლოოდ გურიაში აღმოჩნდა და, ბევრი გაკითხვისა თუ ძიების შემდეგ, კირილე ჯორბენაძის დახმარებით, შეიკრიბა ათკაციანი გუნდი, 10 მოჯირითე, რომელთაც ივანე მახარაძე ხელმძღვანელობდა.

ველური დასავლეთის შოუებში მონაწილე ქართველი მოჯირითეებიდან განსაკუთრებით გამოსარჩევია ქალი მოჯირითე, ქრისტინე ცინცაძე – ის ლუკა ჩხარტიშვილმა 1908 წელს ჩაიყვანა ამერიკაში; ქრისტინეს მშობლები მის გამგზავრებაზე უარს აცხადებდნენ, თუმცა საბოლოოდ მან მაინც მოახერხა საკუთარი სურვილის ასრულება, ნიჭითა და მონდომებით ოკეანის გადაღმაც დაამახსოვრა მაყურებელს თავი.

მათ შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. მათ დიდი გავლენა მოახდინეს ადგილობრივ კოვბოებზე. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტები ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი. მან ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს, გიორგი ჩხაიძეს საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა. ქართველ ცხენოსნებს თეთრ სახლშიც ეპატიჟებოდნენ.

 

 

 

დღის ამბები