31 აგვისტო 2026,   15:04
ვრცლად
განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა - ნიკა გვარამია

მეორე შანსი აბიტურიენტებს - მათ, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, განათლების სამინისტრო მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობას აძლევს. ასეთი სულ 1 795 აბიტურიენტია.

გივი მიქანაძის განცხადებით, მათ მხოლოდ ერთი, ორი ან რამდენიმე პროგრამა ჰქონდათ არჩეული, რომელზე ჩარიცხვისთვისაც მიღებული ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა.

პრემიერის ინიციატივით, ასეთი აბიტურიენტებისთვის მხოლოდ წელს, გამონაკლისის სახით, მეორადი ჩარიცხვის სისტემა ამოქმედდება.

გადაწყვეტილებას პოლიტიკური სპეკულაციები მოჰყვა ოპოზიციურ სპექტრში. მათი ნაწილი გადაწყვეტილებას საკუთარ გამარჯვებად აფასებს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ არ უკვირთ ოპონენტების მხრიდან მთავრობის გადაწყვეტილების საკუთარ წარმატებად წარმოჩენა, რადგან მათი შეფასებით, ოპოზიცია უმოქმედოა და რეალურად ვერაფერს აკეთებს.

"კოალიცია ცვლილებისთვის" თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, განათლების სისტემამ საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა.

"საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად, კობახიძე იძულებული გახდა, თავისი გადაწყვეტილებით უნივერსიტეტებში ჩარიცხოს ის 1 795 აბიტურიენტი, ვინც ეროვნულ გამოცდებზე გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, მაგრამ, გაუკუღმართებული რეფორმის გამო, სახელმწიფომ გარეთ დატოვა.

ვულოცავ ყველა აბიტურიენტს! განათლების სისტემამ კი საზოგადოებასთან და აბიტურიენტებთან დაპირისპირებაში მარცხი განიცადა და აღიარა უმაღლესი განათლების მართვის კოლაფსი და ე.წ. რეფორმის სისტემური ჩამოშლა. ვულოცავ საზოგადოებას ამ გამარჯვებას", - წერს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.

დღის ამბები