03 სექტემბერი 2026,   15:27
ვრცლად
გვარამია, ლომჯარია და ღარიბაშვილი ერთსა და იმავე ნარატივს საუბრობენ. თუ ვინმე გულუბრყვილოა, ეგონოს, რომ ეს შემთხვევით ხდება - თენგიზ შარმანაშვილი

პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმესთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გავრცელებული განცხადებები ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ მიმართული მორიგი ჭორაობაა.

მისივე შეფასებით, მსჯავრდადებული ყოფილი პრემიერი და ოპონენტები სრულად კოორდინირებულად მოქმედებენ ერთსა და იმავე ნარატივზე, თავად ამ კონსპირაციული კამპანიის ავტორებს კი "ყვითელი პოლიტიკოსები" შეიძლება ეწოდოთ.

"მე მაქვს შინაგანი რწმენა იმისა, რომ ეს არის მორიგი ჭორაობა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაციის მიზნით. თუ ვცდები, ეს გამოკითხვა გვაჩვენებს და ვნახავთ კიდევ ერთხელ, რა ხალხთან გვაქვს საქმე. საერთაშორისო მასშტაბით, ვინც ჭორებზე აგებს ინფორმაციას, ყვითელ პრესას ეძახიან. რა დავარქვათ ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს? ალბათ, ყვითელი პოლიტიკოსები. სულ რაღაცა შეთქმულებებია, ვიღაცა ვიღაცის მოკვლას უპირებს, ვიღაცა ვიღაცას უკანონო ქმედებებს, დაჩაგვრას უპირებს და ამით ცოცხლობენ.

გვარამია, ლომჯარია და ა.შ. და ღარიბაშვილი ერთსა და იმავე ნარატივს, მძიმესაც რომ არ გადაანაცვლებენ, ისე საუბრობენ. თუ ვინმე გულუბრყვილოა, მას ეგონოს, რომ ეს შემთხვევით ხდება - მე არა ვარ გულუბრყვილო. რაც შეეხება იმას, რომ "კრისტალურად სუფთაა" ღარიბაშვილი ყველა ამ პერიპეტიებში, მათ სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმი ხელმეორედ გადაიკითხოს", - აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.

ცნობისთვის: პროკურატურის ინფორმაციით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და კიდევ რამდენიმე პირი გამოიკითხება.

საგამოძიებო უწყების ცნობით, უკვე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, გამოკითხულნი არიან გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები და ამ ეტაპზე დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი.

დღის ამბები