ეგვიპტელ ტელეწამყვან სარა ხალიფას და კიდევ 11 ადამიანს, ნარკოტიკებთან დაკავშირებულ დანაშაულში დამნაშავედ ცნობის შემდეგ ჩამოხრჩობით სიკვდილი მიესაჯა.
სახელმწიფო გაზეთ "ალ-აჰრამის" ცნობით, ისინი იმ კრიმინალური დაჯგუფების წევრები იყვნენ, რომელსაც ქვეყანაში ნარკოტიკების დასამზადებლად საჭირო ინგრედიენტები გაყიდვის მიზნით შეჰქონდა. მათ ასევე აღმოაჩნდათ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
39 წლის ტელეწამყვანი, სარა ხალიფა, ფართო საზოგადოებისთვის ცნობილია თავისი სატელევიზიო გადაცემით "შეუსრულებელი მისია" (Mission Impossible), რომელიც კრიმინალურ საკითხებს ეხებოდა. უმკაცრესი განაცენის მიუხედავად, ცნობილი ტელესახე ბრალდებებს უარყოფს.
საქმეში ფიგურანტ კიდევ ცხრა პირს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, შვიდი კი გამართლდა.
ხალიფას ადვოკატის განცხადებით, ისინი სიკვდილით დასჯის განაჩენს გაასაჩივრებენ. განაჩენი თავდაპირველად გასულ თვეში გამოცხადდა. თუმცა, ის საბოლოოდ მხოლოდ ერთი თვის შემდეგ დამტკიცდა, მას შემდეგ, რაც სასამართლომ ეგვიპტის დიდი მუფტისგან რელიგიური დასკვნა მიიღო, რაც სიკვდილით დასჯის საქმეებში კანონით გათვალისწინებულ სავალდებულო პროცედურას წარმოადგენს.
სასამართლო პროცესზე ცნობილი გახდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა 750 კგ-ზე მეტი ნარკოტიკული საშუალება და მათი წარმოებისთვის საჭირო იმპორტირებული ნედლეული ამოიღეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, პროკურატურას ჩვენება მისცა ოცმა მოწმემ; ამასთანავე, წარდგენილი იქნა ელექტრონული მტკიცებულებებიც, მათ შორის, საუბრების ჩანაწერები და ვიდეომასალა.
Amnesty International-ის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ეგვიპტეში წლის განმავლობაში გამოტანილია სიკვდილით დასჯის 492 განაჩენი, რომელთაგან 23 აღსრულდა. ბრალდებულები დამნაშავედ ცნეს ნარკოტიკებით ვაჭრობასა და გაუპატიურებაში - დანაშაულებში, რომლებიც არ მიეკუთვნება "განზრახ მკვლელობის" კატეგორიას; თუმცა, საერთაშორისო სამართლისა და სტანდარტების თანახმად, სიკვდილით დასჯის გამოყენება სწორედ ამ უკანასკნელით უნდა შემოიფარგლებოდეს.
წყარო: BBC