საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეს აღავინ არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელს დანაშაული არ ჩაუდენია.
როგორც პაპუაშვილმა განმარტა, მზია ამაღლობელი იმ ელჩების უსინდისობის პატიმარია, რომლებიც სასამართლო სხდომებზე დადიოდნენ და ანიშნებდნენ მას, რომ დანაშაული არ ეღიარებინა.
"დღეს არავინ არ ამბობს, რომ მზია ამაღლობელმა დანაშაული არ ჩაიდინა. თქვით, რომ ეს იყო დანაშაული, რა უდგას ამის აღიარებას, რომ პოლიციელზე ძალადობრივი თავდასხმა არის დანაშაული? სწორედ ეს არის, რომ ამის საჯაროდ თქმა არ უნდათ ზოგიერთებს.
რაც შეეხება მზია ამაღლობელის სასჯელს, აქაც, მზია ამაღლობელი არის ოპოზიციის და ბრიუსელის უსინდისობის პატიმარი, რადგან მზია ამაღლობელს შეეფარდა ყველაზე მცირე სასჯელი, რაც კი შეიძლებოდა შეფარდებოდა სასამართლოს მხრიდან. ამაზე ნაკლები სასჯელი საქართველოს საპროცესო კოდექსში შესაძლებელია მხოლოდ საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში და ეს არის კანონიც და პრაქტიკაც.
საპროცესო შეთანხმება მზია ამაღლობელისთვის შეთავაზებული იყო, ამისთვის საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ, ის, რომ მზია ამაღლობელს ეთქვა ის, რასაც დღეს ყველა ამბობს, მათ შორის, ევროკავშირი და მისი მხარდამჭერები - ეს იყო დანაშაული. მას უნდა ეთქვა, რომ ეს იყო დანაშაული და ეს ქცევა იყო არასწორი. მაგრამ, იმ ელჩების უსინდისობის პატიმარია მზია ამაღლობელი, ვინც სასამართლოზე დაუჯდა, თვალში უყურებდა და ანიშნებდა - არ აღიარო დანაშაული და იჯექიო. იმ ადამიანების ბრალია, მათ შორის ევროკავშირის, ვინც ყოველგვარ მიზეზს მოკლებულ პრემიებს აძლევდა მზია ამაღლობელს და ამით ეუბნებოდა არ აღიარო, რომ პოლიციელზე თავდასხმა არის დანაშაულიო.
დღეს ჰკითხეთ ნებისმიერ ელჩს, ჰკითხეთ ევროკავშირის ელჩს არის თუ არა ეს დანაშაული. დააკვირდით ბოლო განცხადებებს ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატში, როდესაც საქმე ეხება მზია ამაღლობელს. ნახეთ, განცხადებებში სადმე თუ წერია, რომ ის არის უდანაშაულო", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.