პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ წარადგინა.
მომხსენებლის განცხადებით, სასესხო შეთანხმების ფარგლებში გამოყოფილი 250 მილიონი დოლარი თბილისის შემოვლითი გზის მე-4 და მე-5 ლოტების მშენებლობას მოხმარდება. მისი ინფორმაციით, გზის მონაკვეთის პირველი სამი ლოტის მოსამზადებელი სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. უშუალოდ გზის მშენებლობის დაწყება მომავალი წლისთვის იგეგმება.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა მნიშვნელოვანი პროექტია და მისი განხორციელება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს შეუწყობს ხელს.
სხდომაზე გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება“ გააცნო. მისი განცხადებით, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის მიერ გამოყოფილი 324.7 მილიონი ევრო ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდება, კერძოდ: სესხის ერთი ნაწილი - 166.7 მილიონი ევრო სარკინიგზო ლოკომოტივების შეძენას, 158 მილიონი ევრო კი საგზაო ინფრასტრუქტურის კომპონენტებს. საუბარია კახეთის რეგიონში განსახორციელებელ სამ სხვადასხვა პროექტზე - საავტომობილო გზების, ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობაზე.
„2020 წლის 31 ივლისის „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის საკრედიტო შეთანხმების N2 ცვლილების შეთანხმება“ სესხის თანხის ჩარიცხვის ვადების გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რომელზეც კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, მზია გიორგობიანმა ისაუბრა. მისი განმარტებით, სესხის თანხა უცვლელი რჩება, თუმცა N2 ცვლილების თანახმად, სესხის ჩარიცხვის საბოლოო ვადა 2026 წლის 30 ივნისიდან 2 წლით, 2028 წლის 30 ივნისამდე გახანგრძლივდა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში წარადგინა.
გარდა ამისა, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, გოგიტა თოდრაძეს მოუსმინეს, რომელმაც საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) 2025 წლის საქმიანობის შესახებ ისაუბრა.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრებმა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი შეთანხმებების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს, წარმოდგენილი ანგარიშები კი დადებითად შეაფასეს და ცნობად მიიღეს.