აშშ ცდილობს ნატოს მოკავშირეები საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს "სისტემურად დაშლის" კამპანიაში ჩართოს, რითაც ისედაც დაძაბულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში, დამატებით დაძაბულობას იწვევს. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ივლისის შუა რიცხვებში, ბრიუსელში, ნატოს 32 ქვეყნის ელჩების დახურულ შეხვედრაზე, აშშ-ის წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა ნატოს წევრ ქვეყნებს საერთაშორისო ორგანიზაციის დაშლაში დახმარება სთხოვა და მოუწოდა, გამოსულიყვნენ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დამფუძნებელი დოკუმენტიდან - რომის სტატუტიდან.
წყაროების ცნობით, უიტაკერმა თავისი გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, თუ ვინ დაუჭერს მხარს ამერიკას".
როგორც გამოცემა წერს, სასამართლოს დატოვების მიზნით მოკავშირეებზე ზეწოლა გამოწვეულია აშშ-ის შეშფოთებით, რომ მის ოფიციალურ პირებს შესაძლოა ომის დანაშაულებისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაემუქროთ. ეს ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც საერთაშორისო ინსტიტუტებისა და წესების წინააღმდეგ არის მიმართული. ტრამპის შეფასებით, ისინი აშშ-ის მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს.
ცნობისთვის, თეთრმა სახლმა დაიწყო ნაბიჯების გადადგმა აშშ-ის პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გასასვლელად, გამოვიდა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, შეწყვიტა აშშ-ის მონაწილეობა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში და კომპანიებზე ზეწოლა მოახდინა, რათა მათ ბოიკოტი გამოუცხადონ ამ კვირაში, პარიზში მიმდინარე კოსმოსის სამიტს. ამასთანავე, ადმინისტრაციამ სავაჭრო ომების სერია წამოიწყო.
უიტაკერის განცხადებების პარალელურად, აშშ-ის მისიამ ნატოს დელეგაციებს დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც ეწერა: "შეერთებული შტატები სისტემატურად გაანადგურებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაძლებლობებს … ჩვენ დაჟინებით მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ ნაბიჯები სასამართლოდან გამოსასვლელად", - ნათქვამია დოკუმენტის დეტალებში, რომლებიც POLITICO-ს გააცნეს.
POLITICO-ს ინფორმაციით, დოკუმენტი ასევე მოუწოდებდა მოკავშირეებს, შეესწავლათ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გან მომდინარე საფრთხე, რომელიც მათ ქვეყნებს ემუქრებათ, საჯაროდ დაეგმოთ სასამართლოს უფლებამოსილების გადამეტება და დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ სასამართლოსთვის ნებისმიერი მატერიალური მხარდაჭერა.
"მოდით, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეს ფარსი", - ნათქვამია დოკუმენტში.
როგორც გამოცემა განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ნატო თავად არ არის სასამართლოს წევრი და რომის სტატუტის ხელმომწერი, ალიანსის ყველა წევრი, თურქეთისა და აშშ-ის გარდა, სასამართლოს წევრია.