10 სექტემბერი 2026,   23:39
ვრცლად
ევროპარლამენტარები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ითხოვენ - Euronews

ევროპარლამენტის 122 დეპუტატი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, განაახლონ მოლაპარაკებები რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენების საკითხზე - ინფორმაციას euronews-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც კიევი თავდაცვის დაფინანსებაში 23 მილიარდი ევროს დეფიციტზე მიუთითებს, ხოლო ევროკავშირის ქვეყნები კვლავ თავს იკავებენ საკუთარი ბიუჯეტებიდან დამატებითი თანხების გამოყოფისგან.

ოთხშაბათს გაგზავნილ და Euronews-ის მიერ მოპოვებულ წერილში ნათქვამია, რომ მოსკოვმა უნდა გადაიხადოს მის მიერ ომის შედეგად მიყენებული ზარალის საფასური. წერილი მხარს უჭერს ევროკავშირის ოთხი ქვეყნის ინიციატივას, რომლის მიზანიც გაყინული რუსული აქტივების გამოყენებისთვის გზის გახსნაა.

ევროკავშირში 200 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივებია გაყინული, რომელთა უმეტესი ნაწილი ბელგიაშია. გასული წლის დეკემბერში, ევროკომისიამ წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ეს აქტივები უნდა გარდაქმნილიყო უპროცენტო სესხად, რომ უკრაინის თავდაცვა დაფინანსებულიყო.

თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ შეძლეს შეთანხმება გაყინული აქტივების გამოყენების თაობაზე, რაც სამართლებრივი რისკებით იყო განპირობებული. შედეგად, ეს გეგმა ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე ჩაიშალა.

ამ წლის დასაწყისში, ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინის დასახმარებლად 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი. თუმცა, ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ეს თანხა საკმარისი არ იქნება, რადგან რუსეთის მიერ მიყენებული ზიანის სავარაუდო ღირებულება უკვე 600 მილიარდ ევროს აღემატება.

წერილს, რომლის ინიციატორებიც ევროპარლამენტარები - კარინ კარლსბრო, ნატალი ლუაზო და პეტრას აუშტრევიჩიუსი არიან, ხელი მოაწერეს ევროპის სახალხო პარტიის, „განახლებული ევროპის“ ჯგუფის, სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის, „მწვანეები-ევროპის თავისუფალი ალიანსის“ ჯგუფის, „ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ ჯგუფის და „მემარცხენეების“ ჯგუფის კანონმდებლებმა.

წერილი მიმართულია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ კაია კალასის, ეკონომიკის საკითხებში ევროკომისარ ვალდის დომბროვსკისის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ ანტონიო კოშტას და ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მიშელ მარტინის მისამართით, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის ხელმძღვანელია.

 

დღის ამბები