16 სექტემბერი 2026,   14:46
ვრცლად
ტერი რაიტეკი: ჩვენ აბსოლუტურად გამანადგურებელი ზაფხული გამოვიარეთ... სად იყვნენ ამ დროს ევროპელი ლიდერები?

ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, დებატებისას "ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ", "მწვანეთა ევროპის თავისუფალი ალიანსის" ჯგუფის წარმომადგენელმა ტერი რაიტკემ ევროკავშირის ხელმძღვანელობა მკაცრად გააკრიტიკა.

დეპუტატის თქმით, გასული ზაფხულის მძიმე შედეგებმა, მათ შორის ასობით ათასი ჰექტარი ტყის განადგურებამ, ათობით ათასი ადამიანის დაღუპვამ და სოფლის მეურნეობის მილიარდობით ევროს ზარალმა ცხადყო, რომ რეგიონი კლიმატური კრიზისის პიკშია.

რაიტკემ აღნიშნა, რომ ევროკომისიისა და წევრი ქვეყნების მეთაურების მხრიდან სათანადო რეაგირება არ მომხდარა - არ შექმნილა საგანგებო ჯგუფები და არ შემუშავებულა დაუყოვნებლივი სამოქმედო გეგმა. მისი განცხადებით, პრობლემის მხოლოდ ეროვნულ დონეზე გადაჭრის მცდელობა არასაკმარისია, რადგან კლიმატური გამოწვევა გლობალურია და ერთობლივ ნაბიჯებს მოითხოვს.

ამასთან, მან ევროპელი ლიდერები "მწვანე შეთანხმების" პოლიტიკის შესუსტებაში დაადანაშაულა. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ფრაქციამ, უკვე დანერგილი ვალდებულებების შესრულების ხარვეზების დასადგენად, საგამოძიებო კომიტეტის შექმნა მოითხოვა, რათა პასუხისმგებლობა აიღონ იმ პროფესიონალების წინაშე, რომლებიც კრიზისთან ბრძოლას შეეწირნენ.

"ჩვენ ყველამ აბსოლუტურად გამანადგურებელი ზაფხული გამოვიარეთ. ამაში უკვე აღარავის ეპარება ეჭვი: ჩვენ კლიმატური საგანგებო მდგომარეობის შუაგულში ვიმყოფებით.

ჩემთვის ახლა მთავარი კითხვაა: სად დგას კომისია და სად დგახართ თქვენ, ქალბატონო ფონ დერ ლაიენ? სად იყავით თქვენ, პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, როდესაც ამ ზაფხულს ევროპაში 650 000 ჰექტარზე მეტი ტყე დაიწვა? სად იყო ფრიდრიხ მერცი, როდესაც ივნისში, სიცხის ტალღის გამო, ევროპელმა მარცვლეულის მწარმოებლებმა დაახლოებით 2 მილიარდი ევროს შემოსავალი დაკარგეს? და სად იყვნენ, კოლეგებო, ევროპელი ლიდერები, როდესაც ამ ზაფხულს ევროპაში 35 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა სიცხესთან დაკავშირებული სიკვდილიანობის შედეგად?

ჩვენ ვერ ვნახეთ საგანგებო სამუშაო ჯგუფი, ვერ ვნახეთ საბჭოს საგანგებო, სპეციალურად მოწვეული სხდომები. არ დადებულა დაუყოვნებლივი სამოქმედო გეგმა. კოლეგებო, ეს საკმარისი არ არის. ეს მიუღებელია. ჩვენ უკეთესად უნდა ვიმოქმედოთ.

ახლა შეიძლება მითხრათ: "ეს ლიდერები ადგილზე, საკუთარ ქვეყნებში იყვნენ და კრიზისს უმკლავდებოდნენ; მათ ბევრი რამის გაკეთება უწევდათ, რათა ვითარებისთვის თვალი ედევნებინათ". და ეს მართალია. მაგრამ, გულწრფელად რომ გითხრათ, ამ პასუხს უკვე ვეღარ მივიღებ. რადგან ეს ევროპული და გლობალური მასშტაბის კრიზისია. ის ყველა ჩვენს მოქალაქეს ეხება და მის მოგვარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ერთად ვიმუშავებთ.

ჩვენმა ლიდერებმა ეს იციან. მაგრამ ისინი ამ საკითხს თავს არიდებენ. უფრო მეტიც, ზოგჯერ ისინი "მწვანე შეთანხმებას" ასუსტებენ. სწორედ ამიტომ, ჩემი ჯგუფი მოითხოვს საგამოძიებო კომიტეტის შექმნას, რათა გამოიკვლიოს "მწვანე შეთანხმების" იმ ვალდებულებების შესრულების ხარვეზები, რომლებიც ევროკავშირმა უკვე მიიღო და დაამტკიცა.

ჩვენ ანგარიშვალდებულება გვმართებს მეხანძრეების, ექთნების, ექიმების წინაშე, რომლებმაც ზოგჯერ საკუთარი სიცოცხლეც კი გაწირეს, მთელი ენერგია დახარჯეს და ამ ზაფხულს, ხშირად, საკუთარი საარსებო წყაროც კი საფრთხეში ჩააგდეს," - აცხადებს ტერი რაიტეკი. 

 

 

ავტორი: ლუკა ჩლაიძე

დღის ამბები