თუ გვარამიასთვის იაგო ხვიჩიაა სასაცილო პოლიტიკური ფიგურა, ხვიჩიას პარტიისთვის თავად გვარამიაა ლაჩარი.
სააკაშვილის ყოფილი პროკურორის გაქცევას, სანდრო რაქვიაშვილისთვის ერთი მიზეზი აქვს - გვარამიას დასამალი ბევრი აქვს. მაგალითად ის, თუ როგორ გააყალბა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის გადაცემული დოკუმენტაცია საარჩევნო ხარჯების შესახებ, რომელიც იაგო ხვიჩიას პარტიის გამოთვლებით, რეალურად, 40 მილიონამდე ადის. როგორც ამბობენ, ეს თავის დროზე სწორად დათვალა ხაზარაძემაც, რომელიც ახლა რთულ არითმეტიკას თავს არიდებს და დუმილის რეჟიმშია. ამტკიცებენ იმასაც, რომ გვარამიამ, გილაურთან კონსპირაციული გარიგების შედეგად მიღებული 40 მილიონი, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გაბანკროტებას მოახმარა.
სააკაშვილის მხარდამჭერების გადაბირების შესახებ ბრალდება, გუშინ ვერანაირი არგუმენტით ვერ გააბათილა, იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ "ნაციონალებს" ამომრჩეველი წაართვა, თუმცა დღეს უკვე საზოგადოებას არწმუნებდა, რომ ეს ღალატი არ არის.
მოღალატედ "ნაციონალებმა" უკვე გამოაცხადეს, ამიტომ, თავდაცვის მიზნით ისევ თავდასხმაზე გადავიდა, ისრები ამჯერად ყოფილი პოლიტიკური კერპისკენ მიმართა და პირადად სააკაშვილისგან მოითხოვა იმ პირების დასახელება, ვინც თავის დროზე "ნაციონალების" ერთგულების ფიცი გატეხეს, თუმცა მოღალატეთა სიიდან თავის დაზღვევის მიზნით, საკუთარი თავი დღესაც ამორიცხა.
ჯერ წასულებმა და შემდეგ მობრუნებულებმა კი, გვარამიას სააკაშვილის სიტყვებზე მიუთითეს. მიანიშნეს, რომ კითხვები ბევრია, "ნაციონალების" ციხის ნგრევაზე პასუხები კი, რუსთავის ციხის პატიმრის სიტყვებში, რომელიც ბრალდების ადრესატებისთვის წესით გასაგებიც უნდა ყოფილიყო.
ზეპირი განცხადებები საკმარისი არ არის "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრებისთვის. ამჯერად "ევროპული საქართველო" ითხოვს მეტ ფაქტს და უტყუარ მტკიცებულებას, რომელიც ღალატის შესახებ ბრალდებას მათთვის დამაჯერებელს გახდის.
დამაჯერებლობა თავად სააკაშვილსაც აკლია თამარ ჩერგოლეიშვილისთვის, სწორედ ამიტომ უწოდებს "ფედერალისტების" ლიდერი რუსთავის ციხის პატიმარს კლოუნს, რომელსაც დღეს პოლიტიკური მარცხი კიდევ ერთხელ უწინასწარმეტყველა.
ოპოზიციაში დაუსრულებელი ომი სამარცხვინო და ამორალურია სახელისუფლებო გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ "ნაციონალების" დაპირისპირება რეალურად ფულზე მიმდინარეობს, რაც თავის მხრივ სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებულების ლუსტრაციას ახდენს.
40 მილიონის ირგვლივ დავა ანა წითლიძემ დაიწყო, სწორედ ის იყო მთავარი ბრალმდებელი, ვინც ხელი გვარამიასკენ გაიშვირა და საჯარო მხილებით დაემუქრა. კონსპირაციული გარიგების დეტალები ჯერ უცნობია, თუმცა ორივე მხარე დუმილის დარღვევას ისევ რუსთავის ციხიდან ელის.