17 სექტემბერი 2026,   01:10
ვრცლად
მანიპულირება დანაშაულის სტატისტიკით - მმართველი გუნდი გახარიას პარტიას შსს-ს დისკრედიტაციაში ადანაშაულებს

არაკომპეტენტურობა თუ შეგნებული ტყუილი? - განცხადება, რომელიც ამ კითხვას აჩენს, ყურადღებას განსაკუთრებით მაშინ იქცევს, როდესაც ის საპარლამენტო ტრიბუნიდან ჟღერდება. ასე მოხდა ვიკა ფილფანის შემთხვევაშიც, როდესაც გიორგი გახარიას გუნდის წევრმა გაუარესებული კრიმინოგენური მდგომარეობის წარმოსაჩენად მასშტაბური ციფრები დაასახელა. თქვა, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 532 განზრახ მკვლელობის ფაქტი და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების 1804 შემთხვევა. მონაცემების სპეკულირებისთვის ახსნა-განმარტება დარბაზშივე მოითხოვა უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.

დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 40 პროცენტითაა გაზრდილი, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები ადასტურებს. ოფიციალური სტატისტიკით მოწმდება ისიც, თუ როგორ ცდება რეალობას ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადება. 532 ნაცვლად მხოლოდ 15. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ ფილფანის მიერ დასახელებული რიცხვი მოიცავს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების საერთო რაოდენობას, მათ შორის გაუფრთხილებლობით გარდაცვალებას, სუიციდს და სუიციდის მცდელობას. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, როგორც განზრახ მკვლელობის, ისე ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების შემთხვევებში დაწყებული გამოძიების ჯამური მონაცემის დანაშაულის რაოდენობად წარმოჩენა, მხოლოდ სიცრუე და საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანაა.

რა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლით ხელმძღვანელობდა ფილფანი? - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გუნდის წევრები კოლეგის ნათქვამის გამართლებას დილიდან ცდილობდნენ.

ვიკა ფილფანს თავისი პოლიტიკური განცხადების განმარტება მედიასთან მაინც მოუხდა. ვერ უარყო, რომ ოფიციალური სტატისტიკა საჯაროა, თუმცა არ აღიარა, რომ სწორი ციფრების არასწორ ინტერპრეტაციას მიზანმიმართულად ახდენდა.

სტატისტიკის გარეშე ფილფანის ნათქვამის უკვე სჯერათ სხვებს - ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც გახარიას პარტიის პოზიციას უაპელაციოდ იზიარებენ.

რეალობის უგულებელყოფა პოლიციის ეფექტური მუშაობის გადასაფარად - უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სწორედ ეს მიზანი აქვს ოპოზიციას. ამბობენ, რომ ციფრებით მანიპულირება არ უკვირთ, განსაკუთრებით გიორგი გახარიას და მისი გუნდისგან. მათი თქმით, ექსპრემიერი ძალოვანი უწყების დისკრედიტაციას ემსახურებოდა მაშინაც, როდესაც ის თანამდებობებს იკავებდა. ამიტომ მიაჩნიათ, რომ მისი პარტიის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიტიკის მორალური უფლება არ აქვთ.

ზოგადი დანაშაულის საერთო რაოდენობის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის პირველ კვარტალში რეგისტრირებულია 14 716 ფაქტი და გახსნის მაჩვენებელია 69.14%. ეს მაშინ, როდესაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში რეგისტრირებული 17 821 ფაქტის გახსნის მაჩვენებელი მხოლოდ 26.36% შეადგენდა.

დღის ამბები