17 სექტემბერი 2026,   08:32
ვრცლად
დედაქალაქის მერიის ისტორიული გადაწყვეტილება - თბილისში დიუშენის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც დედაქალაქის მერიამ მიიღო - თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება. სივრცე, რომელიც ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს ერთ ადგილას გააერთიანებს. ოჯახებს კი, წლების განმავალობაში დაგროვილი სირთულეებისა და გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

რეაბილიტაციას დაავადების მართვის პროცესში გარდამტეხი როლი შეაქვს. ეს არის ხანგრძლივი მონიტორინგი პაციენტებზე, რომელიც სხვადასხვა სამედიცინო სერვისებს აერთიანებს. სპეციალისტების ერთობლივი მუშაობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაავადება არ პროგრესირდეს, გაუმჯობესდეს პაციენტის ფუნქციები და შენარჩუნდეს ცხოვრების ხარისხი.

ახალი სარეაბილიტაციო ცენტრი თბილისში, გლდანის რაიონში აშენდება. მულტიფუნქციური სივრცის მშენებლობისთვის უკვე გამოყოფილია 1657 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი. მუნიციპალიტეტმა ტერიტორია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების მიერ შექმნილ ორგანიზაციას გადასცა. სიახლის შესახებ დღეს დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

სივრცე აღიჭურვება ყველა საჭირო თანამედროვე სამედიცინო ტექნიკით. დაავადების მართვასთან ერთად, ცენტრში შეიქმნება სივრცეები, სადაც ბავშვები სხვადასხვა აქტივობებით დაკავდებიან.

საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მხარდაჭერას განაგრძობს. ქვეყანაში უკვე შემოტანილია პრეპარატი "ჯივინოსტატი", რომლის გამოყენებასაც პაციენტები მალე დაიწყებენ. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც ძვირადღირებული მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამაში ჩართო.

დღის ამბები