ევროპარლამენტში, ევროკომისიის პრეზიდენტი, ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით უკვე მეშვიდედ წარსდგა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბლოკის განვითარებასთან დაკავშირებული დაპირებებიც გასცა. ამჯერად, ჩამოთვლილ ინიციატივებს შორისაა ევროპის უშიშროების საბჭოს ჩამოყალიბება, ჰიბრიდულ საფრთხეებზე რეაგირების დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა და უკრაინის მხარდაჭერა.
ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები, ევროპის პატრიოტები, მემარცხენე ჯგუფი, მწვანეები, ევროპის თავისუფალი ალიანსი, ევროპის სახალხო პარტია, სოციალისტების და დემოკრატების პროგრესული ალიანსი - ეს იმ პოლიტიკური ჯგუფების ჩამონათვალია, რომლებმაც ბლოკის პოლიტიკის საკვანძო საკითხებზე ფონ დერ ლაიენის ხედვა არ გაიზიარეს და საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნა ევროკავშირის და ევროკომისიის კრიტიკისთვის გამოიყენეს.
სტრასბურგში მიმდინარე პროცესი ბრიუსელის ტელესტუდიიდან შეაფასა ევროკავშირის ყოფილმა მაღალჩინოსანმა. შარლ მიშელი ურსულა ფონ დერ ლაიენს საგარეო საკითხებში ევროკავშირის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებაშიც ადანაშაულებს.
ფონ დერ ლაიენის პოლიტიკის შესახებ საკუთარი პოზიცია ევროპული სახელმწიფოების მოქალაქეებმა მედიასთან დააფიქსირეს. "ევროაქტივის" მიერ 15 სახელმწიფოში ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ რესპონდენტების ნაწილი ბრიუსელის ახალი პოლიტიკით იმედგაცრუებულია. ნეგატიურ ფაქტორებადაა დასახელებული ზედმეტი რეგულაციები და ეროვნულ საქმეებში ჩარევა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე