"ეს არის სრულ დეზინფორმაციაზე აგებული კამპანია" - ასე პასუხობს ისტორიის სახელმძღვანელოსთან დაკავშირებით აგორებულ კამპანიას ავტორთა ჯგუფი. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ არაერთ ინფორმაციას, თითქოს წიგნიდან საბჭოთა ოკუპაციის პერიოდი ამოღებულია, გიორგი კალანდია მიზანმიმართულ ცრუ კამპანიას უწოდებს.
ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არის გადამწყვეტი საქართველოს ისტორიაში, სახელმძღვანელოში შესულია - ასეთია ისტორიის მე-10 კლასის სახელმძღვანელოს კიდევ ერთი ავტორის, თსუ-ს რექტორის პასუხი დეზინფორმაციის გამავრცელებლებისთვის.
ჯაბა სამუშიამ "კურიერს" დეტალურად მოუყვა, თუ რა პრინციპით შეიქმნა სახელმძღვანელო - წიგნი თემატურად არის დაყოფილი. პირველი ნაწილი ეხება პიროვნებებს ყველა ეპოქიდან, საბჭოთა ოკუპაციას კი მოსწავლეები სახელმძღვანელოს მეორე ნაწილში ვრცლად გაეცნობიან, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის გამართულ ბრძოლებს ეხება.
ახალი სახელმძღვანელოთი პირველი გაკვეთილი უკვე ჩაუტარდათ მოსწავლეებს. პედაგოგები ამბობენ, რომ ახალ სახელმძღვანელოებში საქართველოს ისტორია ისეთი ფორმით არის გადმოცემული, რომ მოსწავლეების კიდევ უფრო დიდ ინტერესს იწვევს.
განათლების მინისტრის მოადგილის შეფასებით, თემატური პრინციპით აგებული სახელმძღვანელო მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს ისტორიული პროცესები სხვადასხვა ჭრილში განიხილოს და ერთმანეთთან დააკავშიროს. თამარ მახარაშვილმა "კურიერთან" საუბრისას აქცენტი ახალ სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით უკუკავშირის პლატფორმაზეც გააკეთა და თქვა, რომ ყველას აქვს შესაძლებლობა წიგნის შესახებ პოზიცია განათლების სამინისტროს გააცნოს.
ისტორიის მე-10 კლასის წიგნი თემატურად არის დაყოფილი და მოსწავლეები დეტალურად გაეცნობიან ისტორიულ პირებს, საქართველოს ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, დიპლომატიის განვითარებას და ყველა ისტორიულ დეტალს.