21 სექტემბერი 2026,   13:41
ვრცლად
"კიდევ ერთხელ გამოჩნდა "ნაცმოძრაობის" და "ალტ-ინფოს" ერთობა, ეს არის ერთიანი ქსენოფობიური ჯგუფი" - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში ე.წ. "არაბიზაციის" შესახებ გავრცელებული განცხადებები აბსურდული და უსაფუძვლო შიშების გაღვივების მცდელობაა. მისი თქმით, აღნიშნული ტერმინი "ნამახვანი 2-ის" კამპანიის ნაწილია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში არაბული ქვეყნებიდან ჩამოსული ადამიანების რაოდენობა, მთლიანად არაბული სამყაროს გათვალისწინებით, საქართველოს მოსახლეობის 0.3%-ს შეადგენს, რაც, მისი შეფასებით, "არაბიზაციის" შესახებ გავრცელებული ბრალდებების უსაფუძვლობაზე მიუთითებს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, "არაბიზაციის" საკითხთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობისა" და "ალტ-ინფოს" პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. მისი შეფასებით, ეს ორი ძალა, რომლებიც ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურ პოზიციებს წარმოაჩენდნენ, დღეს ერთ მხარეს აღმოჩნდნენ. 

"თუკი ქსენოფობიაში არის რამე ევროპული, ეს არის 100 წლის წინანდელი ევროპა, რომელიც ნამდვილად იყო ქსენოფობიური, მისი დიდი ნაწილი - ფაშისტური. ასე რომ, როგორც ჩანს, ქართველ პროევროპელებს ეს ევროპა ჰგონიათ, ამ ევროპისკენ მივყავართ, ფაშისტური, ქსენოფობიური ევროპისკენ და ამიტომაც ბუნებრივია, რომ ისინი "ალტ-ინფოსთან" ერთად გაერთიანდნენ და ახლა ვხედავთ, რომ ეს ორი ძალა, რომელიც თითქოს ერთმანეთის მიმართ ანტაგონისტურად იყო და ასე წარმოაჩენდნენ, ვხედავთ, რომ სინამდვილეში არიან ერთ მხარეს.

რაც შეეხება შინაარსს, ეს არის აბსოლუტური აბსურდი, არაბიზაცია, როგორც ტერმინი, თქვენ გახსოვთ თავის დროზე, ღია ეთერში "ალტ-ინფოს" ერთ-ერთ ლიდერთან, რომელიც თავის დროზე პოლიტიკას ჩამოსცილდა, საკუთარი თავის დისკრედიტირების გამო, მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ცდილობს რეაბილიტაციას საკუთარი თავის.

გახსოვთ, დებატებშიც კი იყო მათ შორის პრემიერ-მინისტრთან და ტერმინი "არაბიზაცია" ვერც კი ახსენა, იმდენად გასაგები იყო იმ დებატებში, რომ ეს იყო აბსოლუტურად აბსურდული იარლიყი, რომლითაც ცდილობენ უბრალოდ "ნამახვანი 2-ს" გამეორებას.

არაბიზაციას რაც შეეხება და ამ ყალბი შიშების დანერგვას, თუკი დღეს შევხედავთ საქართველოში მყოფი ადამიანების ეროვნულ შემადგენლობასაც, მაშინ არაბული ქვეყნებიდან, მთლიანად არაბული სამყარო რომ ავიღოთ, საქართველოში, საქართველოს მოსახლეობის 0.3%-ია მთლიანად არაბული სამყაროდან ჩვენთან მყოფი ადამიანები, არა მოქალაქეები, არამედ ყველა, ჯამში, არის 0.3%, რაც, რა თქმა უნდა, უკვე აჩვენებს აბსურდულობას ამ ბრალდებისას.

კიდევ ერთხელ, ჩვენ ასე უნდა შევხედოთ, ეს არის "ნამახვანი 2-ის" მცდელობა და მნიშვნელოვანი არის აქ, რომ კიდევ დავინახოთ "ნაცმოძრაობის" და "ალტ-ინფოს" ერთობა, რომელიც მაშინაც იყო "ნამახვანჰესის" დროს და დღესაც ასე გამოდის. ეს არის ერთიანი ქსენოფობიური ჯგუფი", -  აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

  

დღის ამბები