გაეროში გენერალური დებატები გაიხსნა. გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში დებატები გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა გახსნა. მან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა. სულ ცოტა ხანში ტრიბუნას დაიკავებს დონალდ ტრამპი და რამდენიმე ქვეყნის ლიდერი.
გაეროში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრემიერი. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართული დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს მართავს და მონაწილეობს პანელურ დისკუსიებში. ირაკლი კობახიძე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა.
ამასთან დაკავშირებით და ქართული დელეგაციის აქტივობებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა.
"საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკვე მონაწილეობა მიიღო დისკუსიაში, რომელიც შეეხებოდა მულტილატერალიზმს და მაღალ დონეზე გაიმართა ევროკავშირის წევრი ქვეყნების და ხელმძღვანელობის მონაწილეობით. ასევე, გაიმართა არაერთი ორმხრივი შეხვედრა, როგორც პრემიერ-მინისტრის დონეზე, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრებთან. ეს არის, ზოგადად, ძალიან კარგი შესაძლებლობა საქართველოსთვის, როგორც ორმხრივი შეხვედრების გასამართად, ორმხრივი დიალოგის საწარმოებლად პარტნიორებთან, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად. იცით, რომ ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის მიმართვა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, სადაც გაჟღერებული იქნება მთავარი გზავნილები საქართველოდან," - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.