23 სექტემბერი 2026,   05:54
ვრცლად
ეს იქნება უდიდესი სკანდალი, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეული არის წევრი ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევაში - შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებულ შეკრებას ეხმაურება, რომელსაც ბახმაროში არმაზ ახვლედიანი ატარებს.

"ამ ამბავს აქვს ორი განზომილება. პირველი ეს არის, დაირღვა თუ არა კანონი და აუდიტის სამსახური გასცემს ამ კითხვაზე პასუხს. ეს იქნება უდიდესი სკანდალი, თუკი აღმოჩნდება, რომ ევროსაბჭო გარეული არის წევრი ქვეყნის კანონმდებლობის დარღვევაში. ამიტომ ვნახოთ, რა დასკვნა ექნება აუდიტის სამსახურს, თუმცა, ამ ამბავს მეორე განზომილებაც აქვს, რომელიც შეიძლება კიდევ უფრო მეტად სკანდალურიც კი არის.

მგონი, ამას მტკიცებაც არ სჭირდება, რომ არმაზ ახვლედიანი არის გამორჩეულად რადიკალი პოლიტიკოსი. 2020 წელს წინა მოწვევის პარლამენტში ის გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" ერთი პარტიული სიით პარლამენტის წევრი. არ აღიარებდა 2020 წლის არჩევნებს, სხვათა შორის, დასჭირდა თვეები იმას, რომ პარლამენტში შემოსულიყო და საქართველოს მოქალაქეების არჩევანისთვის პატივი ეცა. ამის შემდეგ 2024 წლის არჩევნებშიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის წევრი და ისიც ჩაიხსნა საპარლამენტო სიიდან "ნაციონალური მოძრაობის" ერთობლივი გადაწყვეტილებით და ის გახლდათ ერთ-ერთი პირველი, რომელმაც 26 ოქტომბერს მოსახლეობას მოუწოდა არჩევნების შედეგების არაღიარებისკენ, მოუწოდა რადიკალიზაციისკენ.

როდესაც ადამიანი არის "ნაციონალური მოძრაობის", დიქტატორი სააკაშვილის პარტიის, პარტიული სიით პარლამენტის არჩევნებში მონაწილე, შემდეგ ამ არჩევნების და არჩევანის უარმყოფელი, ამ ადამიანის დაფინანსება იმ სოუსით, რომ ეს სამოქალაქო დიალოგისთვის შეტანილი წვლილი არის, ეს ან თავის მოტყუებაა ევროსაბჭოს მხრიდან, ან არის ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა. ასე რომ, ევროსაბჭომ აირჩიოს ამ ორი პასუხიდან რომელი არის სწორი. მესამე პასუხი აქ არ არსებობს, ვინაიდან ვერავინ დედამიწის ზურგზე ვერ დაიწყებს იმის მტკიცებას, რომ რადიკალის დაფინანსება ხელს უწყობს სამოქალაქო დიალოგს. ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ასეთ განვითარებებს ვხედავთ," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მონიტორინგი დაიწყო. უწყების განმარტებით, მოკვლევის საგანია გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე მიღების სავარაუდო ფაქტი.

დღის ამბები