"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარია. ორგანიზაციის განცხადებით, სააკაშვილის მიმართ ბრალდების საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია და განიხილავს სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეს, მათ შორის, საუბრობს საზღვრის უკანონო კვეთაზეც. ეს მაშინ, როდესაც დადასტურებულია, რომ არაჟნის კონტეინერით სააკაშვილი საქართველოში უკანონოდ შემოვიდა.
მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიგაური ენჯეოების სხვა წარმომადგენლებთან ერთად "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებს ემსახურება.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ეკა გიგაურისგან, რომელიც მისი თქმით აგენტია, მსგავსი დამოკიდებულება არასერიოზულია.
"ძალიან კარგია ნაცები რომ ერთმანეთს აბულინგებენ. ჩვენ გვახსოვს, რომ არასამთავრობოებმა ბოლოს უკვე აღარ შეიყვანეს პოლიტპატიმრების სიაში სააკაშვილი, რადგან მიხვდნენ, რომ ასეთი დონის სითავხედეც უკვე აღარ შეიძლებოდა. ვისაც მათი სჯერა საქართველოში (ასეთი სულ 20-30 ადამიანია) ისინიც უკვე აღარ იჯერებენ ამ ყველაფერს.
ამ შემთხვევაში სავარაუდოდ ბულინგმა გაჭრა და მათ ისეთ საქმეებთან დაკავშირებით დაიწყეს პოლიტიკური დევნის დასახელება, ყველა მიხვდა სააკაშვილის გაფლანგულ თანხებთან დაკავშირებულ საქმეებს. შემდეგ კი რაღაც შეფუთეს ვითომ პიჯაკების საქმეაო რომ გაეუბრალოებინათ საკითხი, 9 მილიონ ლარზე არის ლაპარაკი, არა მგონია, რომ პიჯაკები ჯდებოდეს 9 მილიონი ლარი.
სააკაშვილი არის ჩვეულებრივი მკვლელი და ამ რეჟიმის მთავარი შემოქმედი, ვინც ავანგარდში იდგა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ძალიან არასერიოზულია ნებისმიერი ადამიანის მხრიდან ასეთი განცხადებები, მით უმეტეს ეკა გიგაურის მხრიდან, რომელიც ჩვეულებრივი აგენტია,"- აცხადებს ლევან მაჭავარიანი.