30 სექტემბერი 2026,   03:18
ვრცლად
თორნიკე ფაღავა: Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში საეტაპო მნიშვნელობის მოვლენაა და მას ექნება ძალიან გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე - სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგ დამიზნებით იბრძვის დღეს რადიკალური ოპოზიცია

მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რადიკალური ოპოზიციის არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დავით საყვარელიძის ძალიან სახიფათო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს გლობალურ ძალთა ჭიდილში სამხედრო-ლოჯისტიკური ჰაბი, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი იქნება საქართველოსათვის,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე ფაღავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის მიერ 8 მილიარდი დოლარის ინვესტიციის სახით შემოტანაზე საუბრისას განაცხადა.

ფაღავა საქართველოში Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის შემოსვლას „საეტაპო მნიშვნელობის მოვლენას“ უწოდებს და აცხადებს, რომ მას გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ექნება ქართულ ეკონომიკაზე, რომელიც ამავე დროს პოლიტიკური კუთხით უმნიშვნელოვანესი გზავნილია.

მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი საქართველოს „სამხედრო-ლოჯისტიკურ ჰაბად“ გადაქცევისა არის მიზანმიმართული მცდელობა ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებისთვის.

„მინდა გამოვეხმაურო რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წამოწყებულ მორიგ, ჩვენი ქვეყნისათვის მტრულ და დამაზიანებელ კამპანიას.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შემოვიდა ორი მსოფლიო დეველოპერული გიგანტი კომპანია: Trump Family და Emaar ჯგუფი. საერთო ჯამში, ორივე საინვესტიციო პაკეტი შეადგენს 8 მილიარდ დოლარს, რაც თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში.
Emaar ჯგუფისა და Trump Tower-ის შემოსვლა საქართველოში არის საეტაპო მნიშვნელობის მოვლენა ქართული დეველოპმენტისა და სამშენებლო სექტორისათვის და მას ექნება ძალიან მნიშვნელოვანი, გრძელვადიანი დადებითი ეფექტი ქართულ ეკონომიკაზე.
საქართველოსთვის ამ ძალიან რთულ, გეოპოლიტიკურ ქარცეცხლში, ამ ორ პროექტს არ აქვს მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვა და ის პოლიტიკური თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია.
გზავნილი იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად რეგიონში მიმდინარე სისხლისმღვრელი ომებისა, საქართველო, განსხვავებით სხვა ყველა ქვეყნისგან, კვლავ არის საერთაშორისო ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის ადგილი და წამყვანი საერთაშორისო და ამერიკული კომპანიებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო სივრცე.
სწორედ ბიძინა ივანიშვილის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თანმიმდევრული, გათვლილი, სტრატეგიული ხედვის და ჯიუტი მშვიდობის პოლიტიკის შედეგია ის, რომ საქართველოში გვაქვს ასეთი პოლიტიკური და ეკონომიკური კლიმატი, რითაც საერთაშორისო ბიზნესწრეები ასე აქტიურად ინტერესდებიან.
სწორედ ამ პროცესის წინააღმდეგ დამიზნებით იბრძვის დღეს რადიკალური ოპოზიცია და ცდილობს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, გაშავებას და დაკნინებას.
მოვისმინეთ არაერთი უგუნური განცხადება რადიკალური ოპოზიციის არაერთი ლიდერის მხრიდან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ დავით საყვარელიძის ძალიან სახიფათო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, გახდეს გლობალურ ძალთა ჭიდილში სამხედრო-ლოჯისტიკური ჰაბი, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი იქნება საქართველოსათვის.
სწორედ ეს გახლავთ მთავარი პოლიტიკური და ფილოსოფიური სხვაობა ჩვენსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის.
„ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს სთავაზობს სამხედრო-ლოჯისტიკურ ჰაბს, სამხედრო პოლიგონს და ესკალაციის საქართველოში გადმოტანას.
„ქართული ოცნება“, ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო პარტნიორებს ვთავაზობთ: ეკონომიკური თანამშრომლობის ჰაბს, პოლიტიკური თანამშრომლობის ჰაბს, საერთაშორისო ეკონომიკურ-ლოჯისტიკურ ჰაბს, დოვლათსა და კეთილდღეობას, რასაც დღეს უკვე პრაქტიკაშიც ვახორციელებთ.
სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ კონტრასტი თვალსაჩინოა „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. სწორედ ამიტომ, მეათედ დაუჭირა ქართველმა ხალხმა, სწორედ ამიტომ გაუშვა პოლიტიკურ მოუსავლეთში რადიკალური ოპოზიცია ქართულმა საზოგადოებამ,“- განაცხადა თორნიკე ფაღავამ.

დღის ამბები