01 ოქტომბერი 2026,   20:20
ვრცლად
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს ცვლილებას, რომელიც ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარს 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაზრდას უკავშირდება

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელებული ცვლილება, რომელიც ვრცელდება იმ ქონების გადასახადზე, რომლის დეკლარირებაც კანონმდებლობის შესაბამისად 2026 წელს უნდა განხორციელდეს.

შემოსავლების სამსახური შეახსენებს მოქალაქეებს, რომ აღნიშნული ქონების გადასახადის დეკლარირების ვადა მიმდინარე წლის 2 ნოემბრის ჩათვლით (ვინაიდან 1 ნოემბერი არასამუშაო დღეა) არის შესაძლებელი.

"ამასთან გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის ზღვარი 40 ათასი ლარიდან 100 ათას ლარამდე გაიზარდა, რაც ნიშნავს, რომ დაახლოებით 81 ათასი ოჯახი, რომელთა წლიური შემოსავალი 100 ათას ლარს არ აღემატება, ქონების გადასახადს (გარდა მიწისა) აღარ გადაიხდის.

აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ იმ ფიზიკურ პირებს, რომელთა ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი 2025 წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 100 000 ლარს დასაბეგრ ქონებაზე (გარდა მიწისა) საგადასახადო ორგანოში დეკლარირების/შესაბამისად ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება აღარ წარმოეშობათ. ამასთან, საგადასახადო ცვლილებიდან გამომდინარე, ფიზიკურ პირს უფლება აქვს 2026 წელს აღარ წარმოადგინოს ე.წ. „ნულოვანი დეკლარაცია“ (გარდა მიწისა) თუ მისი და მისი ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი წინა საანგარიშო წლის მიხედვით 40 000-დან 100 000 ლარამდე იყო.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული 2025 წლის მიხედვით აღემატებოდა 100 000 ლარს და თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები საქართველოს ტერიტორიაზე ფლობთ დასაბეგრ ქონებას, ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად თქვენ ან თქვენს ოჯახის წევრ(ებ)ს გაქვთ დასაბეგრი მიწა, წარმოგეშვებათ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის/შესაბამისად გადახდის ვალდებულება.

აქვე დამატებით განვმარტავთ, რომ თუ ფიზიკურ პირს წარდგენილი ჰქონდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის დეკლარაცია და მის მიერ არ იცვლება დეკლარირებული მონაცემები, ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო პროგრამულად დაარიცხავს მიმდინარე 2026 წლის ქონების გადასახადს. გადასახადის გადამხდელს ევალება კუთვნილი გადასახადის გადახდა არაუგვიანეს 16 ნოემბრისა (ვინაიდან 15 ნოემბერი არასამუშაო დღეა) წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე შესაძლებელია შემოსავლების სამსახურის ახალი სერვისით „RS ჩათი” სარგებლობა, ან დაკავშირება საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრთან 2 299 299

 

დღის ამბები