აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდა, შეამცირონ დიზელის მარაგები, რომელიც საგანგებო შემთხვევისთვის შეიქმნა, რათა ხელი შეუწყონ საწვავზე მსოფლიო ფასების შემცირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აშშ-მა შესაძლოა, დიზელის ექსპორტზე აკრძალვა დააწესოს. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი განიხილავს დიზელის ექსპორტის შესაძლო აკრძალვას, რათა ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ შეერთებულ შტატებში საწვავის ფასები შეამციროს. ეს გაფრთხილება აშშ-ის მიერ ევროპაზე ზეწოლის გამკაცრებაზე მიუთითებს. ირკვევა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია განსაკუთრებით უკმაყოფილოა საფრანგეთით და გერმანიით.
ამერიკელი ოფიციალური პირების აზრით, ამ ქვეყნებმა სრულად არ შეასრულეს ვალდებულებები საგანგებო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მარაგების ბაზარზე გამოტანის შესახებ.
Reuters-ი წერს, ევროპა სულ უფრო მეტად გახდა დამოკიდებული აშშ-დან საწვავის მიწოდებაზე მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომის გამო რუსული იმპორტი აიკრძალა და ირანთან აშშ-ისა და ისრაელის ომმა ახლო აღმოსავლეთიდან საწვავის მიწოდება შეაფერხა.