02 ოქტომბერი 2026,   00:46
ვრცლად
ქართველი ექიმის გმირობა Flydubai-ს რეისზე - თავდასხმის დეტალები შოთა მუსაევმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გაიხსენა

"ფლაი დუბაის" რეისზე მომხდარი თავდასხმის დეტალები ქართველმა ექიმმა დღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე გაიხსენა. შოთა მუსაევი პილოტის კაბინაში სწორედ იმ დროს შევიდა, როდესაც ბორტის კაპიტანი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობების გამო სისხლისგან იცლებოდა. ექიმმა მფრინავის გადარჩენა მოახერხა.

გმირობა - ისრაელის მედიაც ასე აფასებს ქართველი ექიმის ქმედებას. შოთა მუსაევი დღეს ბორტის გადარჩენილ მგზავრებთან ერთად ისრაელის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში სტუმრობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის მიერ გამართულ საპატიო მიღებაზეც მიიწვიეს. შოთა მუსაევი უკვე წარადგინეს სახელმწიფო პრემიაზე, მადლობის წერილი კი, როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ისე საქართველოში ისრაელის საელჩომ გაავრცელა.

დუბაიდან 737 ტიპის ბოინგი ადგილობრივი დროით 7 საათსა და 5 წუთზე აფრინდა. ბენ-გურიონის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით მიმავალ რეისზე 180-მდე ადამიანი იმყოფებოდა, უმრავლესობა - ისრაელის მოქალაქე. ფრენის დაწყებიდან დაახლოებით ორი საათისა და 30 წუთის შემდეგ მგზავრებმა პილოტების კაბინიდან ყვირილი და ჩხუბის ხმა გაიგონეს. ამავდროულად, თვითმფრინავმა ვარდნა დაიწყო. ბოინგმა ერთ წუთზე ნაკლებ დროში დაახლოებით 5 კილომეტრის სიმაღლე დაკარგა. ნავიგაციის სააგენტოებმა კი განგაშის სიგნალი მიიღეს, რომელიც მოგვიანებით ბორტის გატაცების კოდით შეიცვალა.

გაირკვა, რომ კაპიტანს მისივე თანაშემწე დაუპირისპირდა. ომანელმა თავდამსხმელმა ინდოელ კოლეგას ჯიბის დანით თავის, ხელებისა და სხეულის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. სისხლდენის მიუხედავად, ეკიპაჟის მეთაურმა კარის განბლოკვის ღილაკზე თითის დაჭერა შეძლო. კაბინაში რამდენიმე ისრაელელი მგზავრი შევარდა. სწორედ ამ დროს ეჭვმიტანილი მართვის პანელს ამტვრევდა და საჰაერო ხომალდის სისტემების მწყობრიდან გამოყვანას ცდილობდა. მგზავრებმა აგრესორს ე.წ. მახრჩობელა ილეთი ჩაუტარეს, სამუშაო სივრციდან გამოათრიეს და მისი შებოჭვა მოახერხეს.

თავდაპირველად ხომალდის მართვა ერთ-ერთმა მგზავრმა სცადა, მალევე კი საჭე ბორტზე მგზავრების სტატუსით მყოფმა პილოტებმა გადაიბარეს და თვითმფრინავის სტაბილიზება მოახერხეს. გატაცების სიგნალის გამო, ხომალდს საჰაერო სივრცეში ისრაელის გამანადგურებლები იცავდნენ. გაჩნდა ეჭვი, რომ მზადდებოდა -11 სექტემბრის- მსგავსი ტერაქტი, სამიზნე კი თელ-ავივის ერთ-ერთი ცათამბჯენი იყო - ამ მიზეზით დაიხურა ისრაელის საჰაერო სივრცეც. იორდანიისა და საუდის არაბეთისგან მიღებული პირველადი უარის მიუხედავად, თვითმფრინავმა საგანგებო დაშვება საბოლოოდ საუდის არაბეთში, ქალაქ ტაბუკის აეროპორტში განახორციელა.

თვითმფრინავს დაშვებისთანავე საუდის არაბეთის უსაფრთხოების ძალები და სამედიცინო პერსონალი დახვდნენ. მედიკოსებმა მგზავრებს პირველადი დახმარება გაუწიეს. კაპიტანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მეორე პილოტი კი დააკავეს. მგზავრების წამოსაყვანად FlyDubai-მ ახალი ბორტი და ეკიპაჟი მოაბილიზა, რომელიც ისრაელის სპეცსამსახურებმა -მოსადმა- და -შაბაკმა- შეამოწმეს. მგზავრები თელ-ავივში ღამით დაბრუნდნენ.

თვითმფრინავზე თავდასხმის საქმეს არაბთა გაერთიანებული საამიროების გენერალური პროკურატურა იძიებს, პროცესში ჩართულია ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებიც. განიხილება გამიზნული ტერაქტის ვერსია; ისრაელის დაზვერვა მიიჩნევს, რომ თავდამსხმელი დამოუკიდებლად მოქმედებდა. მიმდინარეობს მოკვლევა, თუ როგორ მოახერხა პილოტმა ბორტზე ცივი იარაღის ატანა და რატომ დაუშვეს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობის არმქონე ომანის მოქალაქე ისრაელისკენ მიმავალ რეისზე.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები