ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მის ხელთ არსებულ ყველა იარაღს გამოიყენებს, თუ ჩათვლის, რომ კალინინგრადზე პირდაპირი თავდასხმა განხორციელდა.
"თუ საქმე მიდგება რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირ თავდასხმამდე - ამ შემთხვევაში საუბარია კალინინგრადზე ან შესაძლოა სხვა ტერიტორიებზე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის განკარგულებაში არსებული ყველა სახის იარაღის გამოყენების საკითხი დაუყოვნებლივ და გარდაუვლად დადგება დღის წესრიგში,"- განაცხადა პუტინმა.
მან ნატო ბალტიის ზღვაში სამხედრო-საზღვაო მანევრების ჩატარებაში დაადანაშაულა, რაც, მისი თქმით, კალინინგრადისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს.
მთელი კვირის განმავლობაში რუსეთი ნატოს მისი ტერიტორიის ბლოკადის მომზადებაში ადანაშაულებდა და აფრთხილებდა, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებისთვისაც კი იქნება მზად, თუ დასავლეთი კალინინგრადის რუსეთისგან ჩახსნას შეეცდება.
"ჩვენ არავის ვემუქრებით. არ ვაპირებთ ვინმესკენ გაწევას არც 2029, არც 2030 და არც 2050 წელს. მაგრამ თუ აგრესიას წავაწყდებით, პასუხის გაცემა მოგვიწევს. ევროპული ქვეყნების მოქალაქეებს ეს სრულად უნდა ჰქონდეთ გააზრებული".
ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსის არცერთი წვრთნა თუ საქმიანობა მოსკოვისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.