02 ოქტომბერი 2026,   04:19
ვრცლად
შუა დერეფნის პოტენციალი და ახალი გამოწვევები - მსოფლიო ბანკის ანგარიში რეგიონული ინტეგრაციის შესახებ

2040 წლისთვის ვაჭრობის მოცულობის მინიმუმ სამჯერ გაზრდა, განახევრებული მგზავრობის დრო და დამატებით ორი მილიონი სამუშაო ადგილი - ეს მოლოდინია ტრანსკასპიურ სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით. სწორედ შუა დერეფნის სავაჭრო ნაკადებს, ინფრასტრუქტურას, ლოგისტიკასა და დარგობრივი პოლიტიკის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს მიმოიხილავს მსოფლიო ბანკის განახლებული ანგარიში, სადაც ყურადღება ანაკლიის პორტის ეკონომიკურ მნიშვნელობაზეა გამახვილებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ანაკლიის პორტი -Landlord- მოდელის საფუძველზე ვითარდება, რითაც პორტის სექტორის მართვის ისეთი მიდგომა ინერგება, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას. კვლევის ავტორების შეფასებით, ეს მიდგომა ხელს შეუწყობს კერძო სექტორის ინვესტიციების მოზიდვას სახელმწიფო კონტროლის შენარჩუნების პირობებში და უზრუნველყოფს მსოფლიო დონის მომსახურების განვითარებას.

შუა დერეფანს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს ვაჭრობის, ეკონომიკური დივერსიფიკაციის და რეგიონული ინტეგრაციის მამოძრავებელი ძალა აზიასა და ევროპას შორის. ანალიზი მიუთითებს, რომ დერეფანზე მოთხოვნა შეიძლება არსებითად გაიზარდოს მომდევნო 15 წლის განმავლობაში, თუ ქვეყნები ითანამშრომლებენ ინფრასტრუქტურაში ინვესტირების და სერვისების გაფართოების მიმართულებით.

ინფრასტრუქტურულ ინვესტიციებთან ერთად, უახლოეს ათწლეულში დერეფანში გადაზიდვების საერთო მოცულობა შეიძლება გაოთხმაგდეს, მგზავრობის დრო კი ორი მესამედით შემცირდეს. მსოფლიო ბანკის ანგარიშის სცენარის მიხედვით - შუა დერეფანს 2040 წლისთვის ტვირთების მთლიანი მოცულობის 3.6-ჯერ, მშპ-ის 3.3 პროცენტით და დასაქმების 2.9 პროცენტით გაზრდა შეუძლია.

თბილისმა დღეს მსოფლიო ბანკის ჯგუფის მიერ ორგანიზებულ რეგიონულ ფორუმს უმასპინძლა. შუა დერეფნის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა სატრანსპორტო გზის ეკონომიკური შესაძლებლობები და პოტენციალი განიხილეს.

დღის ამბები