მმართველი გუნდი, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ძალადობის წახალისებად აფასებს. ვარშავამ მზია ამაღლობელს ლეხ ვალენსას სოლიდარობის ჯილდო გადასცა, რასაც ოფიციალური თბილისი რადიკალიზმის მხარდაჭერად თვლის. "ქართულ ოცნებაში" მთავარ არგუმენტად ამაღლობელის მიერ ჩადენილი დანაშაული მოჰყავთ და ამბობენ, რომ პოლიციელზე მოძალადის - თავისუფლებისთვის მებრძოლად გამოცხადება მიუღებელია.
პოლონეთში გადაწყვეტილების მიზეზად თავისუფლების დაცვასა და ადამიანის ღირსების პატივისცემას ასახელებენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ ეს განცხადება იმ დროს გააკეთა, როდესაც მზია ამაღლობელის წარმომადგენელს ჯილდოს გადასცემდა. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას მალევე მოჰყვა თბილისში ვარშავის წარმომადგენლობის "ფეისბუკ" პოსტიც.
იქნებოდა თუ არა სიტყვის თავისუფლების გამოხატულება პოლიციელზე თავდასხმა პოლონეთში - ეს რიტორიკული კითხვა დღეს "ქართული ოცნების" მხრიდან დაისვა. მმართველ გუნდში მიიჩნევენ, რომ რიგი დასავლური ქვეყნები საქართველოში ექსტრემიზმის მხარდაჭერით ვითარების რადიკალიზებას ცდილობენ.
პოლონეთის გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებენ ხელისუფლების ოპონენტები და აქცენტი საქმის სამართლებრივ ნაწილზე გადააქვთ
საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება დასავლელი ბიუროკრატების ყოველდღიურ პოლიტიკად იქცა. კანონმდებლების განმარტებით, ამის დასტურია სიტყვის თავისუფლების დაცვის კუთხით ჯილდოების გადაცემა ნიკა გვარამიასთვის, რომელსაც ტელევიზიების ძარცვაში უკვე ყოფილი თანაპარტიელებიც ღიად ადანაშაულებენ.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილების ფონზე, საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ იმასაც, რომ ამაღლობელს საპყრობილის დატოვების შანსი არაერთხელ ჰქონდა. ერთადერთი, რაც კანონმდებლების განცხადებით მას უნდა გაეკეთებინა - დანაშაულის მონანიებაა.