02 ოქტომბერი 2026,   04:19
ვრცლად
ანტისახელმწიფოებრივი კამპანია - იუსტიციის სამინისტრო საიას გადაუმოწმებელი და არასრულყოფილი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ანგარიში, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს, საიას ავტორობით მომზადდა და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს წარედგინა. ვრცელ დოკუმენტში, ბექა ძამაშვილის თქმით, ენჯეოს წევრებმა გადაუმოწმებელი და არასრულყოფილი ინფორმაცია მიზანმიმართულად შეიყვანეს, რეალობა დაამახინჯეს და პენიტენციური სამსახურის დისკრედიტაციის მიზნით, კონკრეტული ფაქტები დამალეს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თქმით, სიცრუეა, თითქოს ციხეებში პატიმართა რაოდენობა ლიმიტს სცდება, სიმართლეს არ შეესაბამება ისიც, რომ პირობით ვადამდე გათავისუფლებულების რაოდენობა შემცირდა. ძამაშვილის განცხადებით, დოკუმენტში ერთი სიტყვაც არ წერია იმაზე, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა 93 პროცენტით შემცირდა.

საიას ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს ვადამდე გათავისუფლდა 708 პირი, 2024 წელს - 544, 2025 წელს კი - 339 ადამიანი, თუმცა დოკუმენტში არ არის მოცემული 2026 წლის სტატისტიკა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის მხოლოდ 8 თვის მონაცემებით, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, ვადამდე გათავისუფლდა 861 პატიმარი. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით მკვეთრად გაზრდილია. რატომ მიაწოდა საიამ გაეროს მომხსენებელს გადაუმოწმებელი და არასრულყოფილი ინფორმაცია? შეკითხვით ორგანიზაციის ხელმძღვანელს მივმართეთ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია.

ცრუ დასმენა, ქვეყნის მტრობა და მორიგი მადისკრედიტირებელი კამპანია ენჯეოების ავტორობით - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი საიას ანგარიშს. ირაკლი კირცხალიამ საკითხთან დაკავშირებით -ღამის კურიერის- ეთერში ისაუბრა, გაიხსენა უახლესი წარსული, 2012 წლამდე ვითარება ციხეებში და აღნიშნა, რომ დღეს რეალობა შეცვლილია. სახელმწიფოსთვის მთავარი პრიორიტეტი კი ადამიანის უფლებების დაცვაა.

უმრავლესობის წევრები პენიტენციური სისტემის წინააღმდეგ დაწყებულ იმ ორკესტრირებულ კამპანიაზე საუბრობენ, რომლის საფუძველიც საიას ანგარიში გახდა. მორიგი დეზინფორმაციული კამპანიის ავანგარდში კი ტრადიციულად -ნაციონალური მოძრაობის- წევრები და თავად ენჯეოები არიან, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილიც, რომელიც ოფიციალური მონაცემების მიუხედავად, მაინც საპირისპიროს ამტკიცებს.

მმართველი გუნდის თქმით, იმ ორგანიზაციის მხრიდან, რომელიც ქვეყნის მტრულ საქმიანობაშია ჩართული, ხალხის ნდობა და ავტორიტეტიც დიდი ხნის წინ დაკარგა, არაფერია გასაკვირი. სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ გრძელდება გარე დავალებების მიხედვით და ენჯეოების ხელით ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ციხის პოპულაციასთან დაკავშირებული ანგარიში გაეროს სპეციალურ მომხსენებელს 28 სექტემბერს წარუდგინა.

ავტორი: ნანა გოგატაძე.

დღის ამბები