03 ოქტომბერი 2026,   23:36
ვრცლად
"ასეც უნდა იყოს. არავინ არ არის ვალდებული, აიტანოს მის მიმართ ცილისწამება" - შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის სარჩელის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარე ბერა ივანიშვილის გადაწყვეტილებას მიესალმება, რომელიც სამართლებრივ დავას იწყებს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, არავინ არის ვალდებული შეურაცხყოფა და ცილისწამება აიტანოს.

"თავისთავად ასეც უნდა იყოს. არავინ არ არის ვალდებული, აიტანოს მის მიმართ ცილისწამება. ჩვენ წლების განმავლობაში, სამწუხაროდ, გვარწმუნებდნენ სხვადასხვა დონორების დაფინანსებით, სხვადასხვა ორგანიზაციები, რომ ტყუილი და სიძულვილის ენა არის გამოხატვის თავისუფლება, რაც არის აბსოლუტური აცდენა თავად ევროპული წარმოდგენებისა.

კიდევ ერთხელ, ცილისწამება და სიძულვილი არ არის გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, ამიტომ ყველა, ვინც ცილს წამებს, ყველა, ვინც სიძულვილის ენას იყენებს, ყველას მიმართ მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს სამართლებრივი ინსტრუმენტები და ასეთი ინსტრუმენტები ყველამ უნდა გამოიყენოს, თავისთავად, ვინაიდან, სხვა მხრივ, ზოგადად, ცილისწამება ერთ-ერთი ინსტრუმენტია ჰიბრიდული კამპანიებისა იმისთვის, რომ ადამიანების, საზოგადოების, ქვეყნის წინააღმდეგ მუშაობდნენ ესა თუ ის ჯგუფები," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, ბერა ივანიშვილი სამართლებრივ დავას იწყებს. "ქართული ოცნების" დამფუძნებლის შვილი აცხადებს, რომ აღარ აპირებს უპასუხოდ დატოვოს მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია და დეზინფორმაცია, რომელსაც სხვადასხვა მედიით თუ სოციალური ქსელებით ავრცელებენ. ბერა ივანიშვილს სასამართლოში სარჩელი შეაქვს კონკრეტული მედიასაშუალებებისა და პირების წინააღმდეგ, მის უფლებებს კი დავით ასათიანი დაიცავს.

დღის ამბები