პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ბრიუსელის მთავარი საზრუნავი პროპაგანდაა, რაც ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლას იწვევს.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არის მთავრობების მიმართ ნდობის ეროზია. საქართველოში კი როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე მთავრობა მოქმედებს ხალხის ინტერესების გათვალისწინებით.
"სამწუხაროდ, რითაც დაკავებულია დღეს ბრიუსელი და ეს არის პროპაგანდა და ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამხელთ ყოველდღიურად, მათ შორის ცივილიზაციური უფსკრულისკენ სვლა, როდესაც ფიქრობენ, რომ პროპაგანდით ჩაანაცვლებენ ნამდვილ საქმეს და ის, რომ პროპაგანდა საქმეს ვერ ანაცვლებს, ამას ვხედავთ ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანაში, სადაც არის მთავრობების მიმართ ნდობის ეროზია. შეხედეთ გერმანიას, შეხედეთ საფრანგეთს, არა მხოლოდ ნდობის რეიტინგებს, შეხედეთ რა ხდება საფრანგეთის ქუჩებში, ეს სწორედ ნდობის ეროზიის შედეგი არის და შეხედეთ სხვა ქვეყნებში, როგორი ნდობა არის ხელისუფლების მიმართ. საქართველოში, სწორედ იმიტომაც არის ხალხის მხრიდან ნდობა ხელისუფლების, მთავრობისა და პარლამენტის მიმართ, როგორც საქართველოს პარლამენტი, ისე საქართველოს მთავრობა მოქმედებს ხალხის ინტერესებში, ჩვენი ქვეყნის ინტერესებში და არა რაღაც გლობალური ტრენდით განპირობებული ინტერესების მომსახურებისთვის, რასაც სამწუხაროდ, ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა აკეთებს და სწორედ ეს იწვევს ნდობის რღვევას ხალხსა და ხელისუფლებებს შორის." - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.