მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის კახეთის, შუა ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის ცენტრის კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი, ლაშა გეგეჭკორი, ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ გაუგებარია, რა პრეტენზიები აქვთ საქართველოსთან ცალკეულ ევროპარლამენტარებს.
მისი განცხადებით, "ქართულ ოცნებას" ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის მუხლი კონსტიტუციიდან არ ამოუღია, არც რუსეთთან პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობა აღდგენილა, საპირისპიროდ, მმართველმა პარტიამ ვიზალიბერალიზაცია, კანდიდატის სტატუსი და ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები მოიპოვა, შესაბამისად, ევროპარლამენტარებს შეუძლიათ "წერონ და იკითხონ" ახალი რეზოლუციები.
"ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებს ვუყურებ. რა უნდათ ვერ გავიგე.
"ქართულმა ოცნებამ" ამოიღო კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვის მუხლი?
- არა.
საქართველოს მთავრობის, ან მმართველი პარტიის რომელიმე ლიდერი ჩავიდა მოსკოვში?
- არა.
რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელობა ჩამოვიდა საქართველოში?
- არა.
"ქართულმა ოცნებამ" გააუქმა სავიზო რეჟიმი რუსეთთან?
- არა.
საქართველომ აღადგინა დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან?
- არა.
კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მარტო საქართველომ მიიღო?
- არა.
საქართველოში ბიზნესი ტერორის ქვეშ არის?
- არა.
შემდეგ.
ვინ მიიღო ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები?
- "ქართულმა ოცნებამ".
ვინ მიიღო ვიზალიბერალიზაცია ევროპასთან?
- "ქართულმა ოცნებამ".
ვინ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი?
- "ქართულმა ოცნებამ".
რა გინდათ?!
წერეთ და მიიღეთ ახალი რეზოლუცია. წერეთ და იკითხეთ…" - წერს ლაშა გეგეჭკორი.