09 ოქტომბერი 2026,   22:45
ვრცლად
ევროკავშირმა რუსული არქტიკული თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად, 7.9 მილიარდი ევრო გადაიხადა - Euronews

არასამთავრობო ორგანიზაცია Urgewald-ის მონაცემებით, ევროპამ 2026 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში, არქტიკული ენერგეტიკული პროექტის ფარგლებში, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესაძენად დაახლოებით 7.88 მილიარდი ევრო გადაიხადა, მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელი მოსკოვიდან გაზის მიწოდების ეტაპობრივად შეწყვეტას ცდილობს. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, Urgewald-ის მიერ ანალიტიკური კომპანია Kpler-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგროვებული მონაცემები აჩვენებს, თუ რამდენად არის ევროკავშირი დამოკიდებული რუსულ ენერგიაზე: მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე ევროპის პორტებში რეკორდული მოცულობა - 12.18 მილიონი ტონა შევიდა.

ევროკავშირი უკვე გარკვეული ხანია ცდილობს შეამციროს რუსეთის ენერგეტიკაზე დამოკიდებულება და წელს მან ზომების სერია მიიღო, რომლებიც ამ დამოკიდებულების დასრულებას ისახავს მიზნად. ბრიუსელმა აკრძალა რუსული ენერგომომარაგების ახალი კონტრაქტები 2026 წლის დასაწყისიდან, ხოლო რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრული აკრძალვა 2027 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ „ლინდსი გრეჰემის აქტის“ ამოქმედება დააანონსა, რომელიც აშშ-ს უფლებამოსილებას აძლევს, დააწესოს სანქციები ევროპაში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდებაზე, სანამ ევროკავშირის მიერ მისი იმპორტის აკრძალვა ძალაში შევა.

მედიის ინფორმაციით, ეს ყველაფერი იმ ფონზე ხდება, როდესაც ევროპაში გაზის მარაგი რეკორდულად დაბალ დონეზეა და თავად ბლოკი მძიმე ენერგეტიკული კრიზისის წინაშე დგას, რაც ბრიუსელს სულ უფრო მეტად დამოკიდებულს ხდის ვაშინგტონის გადაწყვეტილებებზე, რომელიც ევროკავშირისთვის თხევადი ბუნებრივი აირის მთავარი მიმწოდებელია.

დღის ამბები