დარწმუნდა თუ არა ევროპული ბიუროკრატია, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტა შეცდომა იყო და როდის აღადგენს დიალოგს თბილისთან - ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენლები ღიად აცხადებენ, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების გარდა, "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკიც წერს, რომ ბრიუსელში, პოლიტიკურ დონეზე, არსებობს საქართველოსთან თანამშრომლობის გარკვეული ინტერესი, კერძოდ, დაკავშირებადობის საკითხებზე.
მმართველი გუნდის შეფასებით, ლუქსემბურგში გაკეთებული განცხადებებით დასტურდება, რომ რამდენიმე ლიდერის გარდა, ევროკავშირში ყველა აცნობიერებს, რომ მათ საქართველო სჭირდებათ. თბილისში დისკუსიის აუცილებლობაზე საუბრობენ და ქვეყნის სტრატეგიულ მდებარეობასა და როლზე აკეთებენ აქცენტს.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, გაფართოების პოლიტიკაში დაშვებულ იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს.
"გაფართოების პოლიტიკაში დაშვებული იქნა ისეთი უხეში შეცდომები, რომელიც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატიას საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ალბათ, ის მოცემულობა, რეალობა, რომელსაც ხედავს საკმაოდ ბევრი ევროპული ქვეყანა, საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ევროკავშირის პოლიტიკაზე და არ დარჩება ევროკომისიის იმ ჩინოვნიკების რიტორიკის დონეზე, რომლებმაც არასწორი პოლიტიკა აწარმოეს საქართველოსთან მიმართებაში. დამარცხდნენ ამ არასწორი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, წარმოებისას და დღეს რა თქმა უნდა, ბუნებრივია, უჭირთ ამ გემის შემოტრიალება დიალოგისკენ, ხელის და ნაბიჯის გადმოდგმა, ისევ ლაპარაკობენ ზეწოლის გაძლიერებაზე და ისევ არიან დარჩენილი იმ ნარატივში, რომ უკრაინამ გაგვასწრო და მოლდოვა ეკონომიკური აღმავლობის გზაზე დგას. ასე რომ, ამ ნარატივით, რა თქმა უნდა, მათი პოლიტიკა კიდევ უფრო ღრმა ჩიხში შევა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.