13 ოქტომბერი 2026,   16:21
ვრცლად
მესმის, რომ ვეტერანებს აქვთ სხვა სოციალური პაკეტიც, სხვა სოციალური შეღავათებიც, თუმცა 100 ლარიანი დახმარების მინიმუმ გაორმაგება უნდა ჩაიდოს მომავალი წლის ბიუჯეტში - სოზარ სუბარი

პლენარული სხდომა პარლამენტში პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. დეპუტატებმა ისაუბრეს სოციალურ საკითხებზე, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტზე, პრემიერის ახალ ინიციატივებზე, რომლებიც პენსიების ზრდას და დევნილების ფულად კომპენსაციას ეხება.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" წევრი, სოზარ სუბარი 2027 წლის ბიუჯეტში სამი ძირითადი სოციალური მიმართულების საკითხის ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, ვეტერანთა 100-ლარიანი დახმარება, რომელსაც 27 000-ზე მეტი პირი იღებს, არასაკმარისია და მომავალი წლის ბიუჯეტში მისი მინიმუმ გაორმაგება უნდა მოხდეს. გარდა ამისა, სუბარმა ხაზი გაუსვა მარჩენალდაკარგულთა ყოველთვიური დახმარების გაზრდისა და რეზიდენტურაში ჩარიცხული ახალგაზრდა ექიმებისთვის სწავლის დაფინანსების აუცილებლობაზე.

"საქართველოში არის 51 284 ვეტერანი, საიდანაც ამ 100 ლარიან დახმარებას იღებს 27 295 ადამიანი. კარგად მესმის, რომ ვეტერანებს გარდა ამ დახმარებისა, აქვთ სხვა სოციალური პაკეტიც, სხვა სოციალური შეღავათებიც, თუმცა უბრალოდ არასწორია, 100 ლარი დამამცირებელია და ამ თანხის მინიმუმ გაორმაგება უნდა ჩაიდოს აუცილებლად მომავალი წლის ბიუჯეტში. 2019 წელს ორივე მარჩენალდაკარგულისთვის გაიზარდა 150 ლარამდე, მაგრამ ეს არის მაინც ძალიან მცირე და აქაც გაორმაგება იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი. რეზიდენტურაში ჩარიცხულ ახალგაზრდებს სახელმწიფო იქით აფინანსებს ან უნივერსიტეტები აფინანსებენ და მე მგონი, ნამდვილად არასწორია, რომ ჩვენთან ამაში ვახდევინებთ ფულს ადამიანებს. ეს არის სამი თემა, რომელიც მიმაჩნია, რომ აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

დღის ამბები