21 ოქტომბერი 2026,   15:39
ვრცლად
"თუ ეს მართებულია საფრანგეთში და დიდ ბრიტანეთში, მაშინ რა დააშავა ქართველმა ხალხმა?" - დავით მათიკაშვილი საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებაზე

ევრობიუროკრატების ორმაგი სტანდარტი - ასე აფასებენ თბილისში საფრანგეთის სენატის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს უცხოურ ჩარევასთან ბრძოლის შესახებ. კანონპროექტი განსახილველად ეროვნულ ასამბლეას გადაეგზავნა. სამი მუხლისგან შემდგარი კანონპროექტი, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო კონტექსტში ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის სასჯელის გასამმაგებას ითვალისწინებს. ფრანგული კანონპროექტის მიხედვით, დამრღვევს შესაძლოა, 3 ან 6 წლამდე პატიმრობა და 45 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისროს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, უცხოეთიდან ჩარევის პრევენციისა და დეზინფორმაციის წინააღმდეგ საკანონმდებლო ზომების მიღების აუცილებლობა სულ უფრო მეტ ევროპულ სახელმწიფოს ესმის, მათ შორის საფრანგეთსაც.

"დეზინფორმაციის გავრცელების პრევენცია, უცხოეთიდან ჩარევის ძალიან მძიმე ეფექტი სუვერენული სახელმწიფოს შიდა საქმეებში გააზრებულია უკვე ძალიან ბევრი ევროპული სახელმწიფოს მიერ, მათ შორის, მანდ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ საფრანგეთზე. საზოგადოებამ მოისმინა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, თუ არ ვცდები მინისტრის განცხადება, როდესაც მან მაგალითად საქართველოც მოიყვანა მსგავსი ჩარევების კონტექსტში და ეს არის აბსოლუტურად სწორი მართებული მიდგომა ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსი, თუმცა ამ მართებულ მიდგომას გააჩნია ერთი კითხვის ნიშანი: თუკი ეს მართებულია საფრანგეთში, თუკი ეს მართებულია დიდ ბრიტანეთში და ა.შ., მაშინ რა დააშავა ქართველმა ხალხმა, რატომ გახდა ჩვენი ქვეყანა და ჩვენი სუვერენიტეტი ესოდენ დიდი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი თავდასხმის მსხვერპლი, როდესაც ჩვენი ქვეყანა სწორედ ანალოგიურ ქვეყნის სუვერენიტეტის დამცველ საკანონმდებლო ჩარჩოს იღებდა. ამ შემთხვევაში ცხადზე ცხადია, ისევ ორმაგი სტანდარტის არსი.

არ მოსწონთ ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, სურდათ ჩვენი ქვეყნის პროქსი სახელმწიფოდ გამოყენება, ამიტომაც კადრულობდნენ იმას, რასაც კადრულობდნენ. დღეს იგივე პრობლემა, როდესაც უდგათ ევროპულ სახელმწიფოებს, იღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველომაც მიიღო, საქართველო გააკრიტიკეს თავის დროზე უსაფუძვლოდ, მაგრამ თვითონ ახლა ტაშისკვრით და უმრავლესობით ცდილობენ ამ ყველაფრის მიღებას და დანერგვას მათი ქვეყნის ცხოვრებაში“, - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

 

დღის ამბები