23 ოქტომბერი 2026,   16:43
ვრცლად
გიორგი გაბუნია ჩუბინიძეზე: ამ ადამიანმა რაც გააკეთა, იყო ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები

"ასავალ-დასავალის" მთავარი რედაქტორი ლაშა ნადარეიშვილი დიტო ჩუბინიძის დაკავების ფაქტს ვრცელი წერილით ეხმაურება. ის ამტკიცებს, რომ ჩუბინიძე "უწყინარი შეკითხვის" გამო ისჯება.

მმართველ გუნდში ჩუბინიძის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნადარეიშვილი "ასავალ-დასავალის" წარმომადგენლის მხრიდან ქვეყნის ინტერესების დამაზიანებელი ქმედებების მსუბუქ კონტექსტში წარმოჩენას ცდილობს.

პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, "ასავალ-დასავალი" არის კანტორა, რომელიც უბინძურეს ბრალდებებს უყენებდა საქართველოს, რამაც დააზიანა ქვეყნის ინტერესები.

"ეს არის კანტორა, რომელიც უბინძურეს ბრალდებებს უყენებდა ჩვენს სახელმწიფოს, რამაც რეალურად საფრთხე შეუქმნა იმ მოლაპარაკების და დელიმიტაციის პროცესს, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენს მეზობელ, მეგობარ ქვეყანასთან.

ეს ადამიანი შეეცადა, რომ ჩვენი ქვეყანა დაეზიანებინა, მის მიერ შეთითხნილი იმ ბინძური ბრალდებებით, რასთან დაკავშირებითაც ის საუბრობდა. ამიტომ მოუწევს, სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულებები და არგუმენტები და დაამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა.

კრიტიკა და ბინძური ბრალდება უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. ამ ადამიანმა რაც გააკეთა, ეს იყო ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელი, რამაც დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

გამოძიების ინფორმაციით, "ასავალ-დასავალის" წარმომადგენელი სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას. გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებდა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აზერბაიჯანთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი გადასცა.

დღის ამბები