საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ამით კუმარ მიშასთან, გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას უწყება ავრცელებს.
შსს-ს ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და უწყებათაშორისი კავშირების გაძლიერებას.
"შინაგან საქმეთა მინისტრმა ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია სამინისტროს საქმიანობისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა და ურთიერთობების გაძლიერების მნიშვნელობას", - აღნიშნულია უწყების მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.