10 ნოემბერი 2026,   16:14
ვრცლად
საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს სესიაზე უყრიან - არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება, იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადებიც

პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვა გრძელდება - დღეს დეპუტატები დაგეგმილ ცვლილებებს კენჭს სესიაზე უყრიან.

პროექტით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადებიც.

როგორც მმართველ გუნდში განმარტავენ, ცვლილებები ტექნიკური ხასიათისაა და საარჩევნო კოდექსის დახვეწას ემსახურება.

"დგინდება, როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ასევე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა - ნაცვლად 26 დღისა, ცენტრალური საარჩევნო კომისია მას 15 დღეში შეაჯამებს. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებისა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმის შედგენას განახორციელებს, ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ შედგენილი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში მითითებული მონაცემების შესაბამისად, საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც გამოიყენება საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი, კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის ამობეჭდვის შემდგომ წილისყრით გამოვლინდება მთვლელები, რომლებიც ახორციელებენ ხმების დათვლის პროცედურას, რის შემდეგაც დგება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი.

ხსენებულიდან გამომდინარე აბსოლუტურად ყოველნაირ აზრს და აქტუალობას კარგავს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, დამატებით არაუმეტეს 5 საარჩევნო უბნის გამოვლენა და კენჭისყრის შედეგების გადათვლა", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები