11 ნოემბერი 2026,   21:57
ვრცლად
სპეცოპერაცია იმერეთში - ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისა და ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

მუქარიდან რამდენიმე დღეში ოთარ ქურცაძე, იგივე "ლოყლოყიჩი", პოლიციამ დააკავა. ხელბორკილები მას ქურდული სამყაროს წევრობისთვის დაადეს.

ქურდული წესებით, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ფინანსური დავების მოგვარებას ცდილობდა. ერთ-ერთი საქმის დეტალები "კურიერისთვის" ცნობილია. საუბარია 7000 ლარის ე.წ. ამოღებაზე. "ლოყლოყიჩს" მისმა ნაცნობმა მიმართა და პირობაც დადო, რომ ფულის დაბრუნების შემთხვევაში ნაწილს მას გადასცემდა.

კრიმინალური მეთოდებით მოქმედებდნენ სხვა პირებიც, მათ შორისაა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი გივი ლორთქიფანიძე. ვინაობის შეცვლამდე ის გივი გეგუჩაძე იყო. ახლო გარემოცვის წევრები მას "კოლინას" ეძახიან.

დავების გადასაწყვეტად "კოლინა" ქურდულ შეკრებებს აორგანიზებდა და მოდავე მხარეებს იბარებდა. გავლენების გაძლიერებისთვის კრიმინალური ავტორიტეტები ხშირად ე.წ. კანონიერ ქურდებს ახსენებდნენ. მოდავე მხარეებს არწმუნებდნენ, რომ ისინი დავების მოგვარებაში საზღვარგარეთიდან აქტიურად იყვნენ ჩართულები.

ე.წ. ქურდული წესებით საქმეების გარჩევის პარალელურად, პოლიცია კომპლექსურ და ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა. იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა მისამართზე ერთდროულად მობილიზდნენ.

დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს ჩატარდა. ოთხივე მათგანი მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების სახით დევს ჩხრეკისას ამოღებული მობილურები - კონსპირაციული ტელეფონები, რომლებითაც დანაშაულში ჩართული პირები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. დანაშაულისთვის 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები