16 ნოემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ღონისძიებებში და მათ შორის, დაკავშირებადობის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს შესაბამის დონეზე მოწვევა არ მიუღია, შესაბამისად, აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას საქართველოს წარმომადგენელი არ მიიღებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2"-ს განუცხადეს კითხვაზე, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების ფორუმსა და დაკავშირებადობის მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობას შეეხებოდა.
"ამასთან, საქართველო რჩება ევროკავშირთან კონსტრუქციული თანამშრომლობის ერთგული და მზად არის, მიიღოს მონაწილეობა შეხვედრებში შესაბამის დონეზე მოწვევის შემთხვევაში. აღნიშნული პოზიცია ცნობილია ბრიუსელისთვის", - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
ცნობისათვის, ბრიუსელში ევროკავშირის გაფართოების ფორუმი და დაკავშირებადობის მინისტერიალი დღეს იმართება.