ციხეში დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე დღეს ჟურნალისტებმა კითხვა იუსტიციის მინისტრს დაუსვეს.
პაატა სალიას განცხადებით, საქმეზე ბრალი უკვე წარედგინა 7 პირს, მათ შორის, პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსნებს.
მინისტრის თქმით, მომხდარის სხვა დეტალებს გამოძიება და სასამართლო დაადგენს.
"როგორც კი ინფორმაცია საჯაროდ გახდა ცნობილი, მაშინვე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაავრცელა პოსტი, რომელიც მიმართავდა გენინსპექციას, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დაეწყო გამოძიება. იმის მიუხედავად, თუ რას აცხადებდა პენიტენციური სამსახური, ჩვენ ვაწარმოებდით გამოძიებას.
მოგეხსენებათ, ეს ადამიანები დღეს არ არიან თანამდებობაზე, რათა არ გაჩენილიყო რაიმე კითხვა, რომ იგივე უწყება იძიებს მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხს, ამიტომ გადავეცით ეს საქმე პროკურატურას, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართოს.
დაველოდოთ შედეგებს, ამ ეტაპზე ვიცით, რომ მათ ბრალი წარედგინათ. მოვისმინეთ გარკვეული დეტალები, თუმცა უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არ დავარღვიოთ, ეს ყველაფერი სასამართლომ უნდა დაადგინოს - არიან ეს პირები დამნაშავეები თუ არა", - განაცხადა პაატა სალიამ.