პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა წარადგინა.
მომხსენებელი კომიტეტების წევრებს ძირითადი ფინანსური დოკუმენტის მაკროეკონომიკურ და ფინანსურ მაჩვენებლებსა და იმ მიზეზებზე ესაუბრა, რომლებიც ბიუჯეტის ცვლილებებს დაედო საფუძვლად. მისი თქმით, მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, ქვეყანაში დაგეგმილზე მაღალია რეალური ეკონომიკური ზრდა. გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტიდან, ტურიზმიდან და საგადასახადო შემოსავლებიდან მიღებული თანხები, რის შედეგადაც, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები მილიარდ 136 მილიონი ლარით იზრდება.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 481 მილიონი ლარით იზრდება, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი კი 1.3%-მდე მცირდება.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ კომიტეტების წევრებს დამატებითი ფინანსური რესურსის სხვადასხვა სამინისტროსა და სახელმწიფო უწყებისთვის განაწილების სქემა გააცნო. მისი თქმით, 50 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 35.8 მილიონი ლარით სპორტის სამინისტროს, ხოლო 353 მილიონი ლარით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები 417 მილიონი ლარით გაიზრდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კი დამატებით 45 მილიონი ლარი გამოეყოფა.
გიორგი კაკაურიძემ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსების საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსებისთვის სამინისტროს დამატებით 10 მილიონი ლარი გადაეცემა. რაც შეეხება პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამას, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღები თანხების ცვლილების გამო, პროგრამის დაფინანსება 3.9 მილიონი ლარით მცირდება.
სხდომაზე საბიუჯეტო კანონპროექტის განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. კომიტეტების წევრები სასკოლო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების საკითხებით დაინტერესდნენ. დეპუტატების შეკითხვებს ფინანსთა სამინისტროს, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა უპასუხეს.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე პარლამენტის წევრებმა „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
გარდა ამისა, კომიტეტების წევრებმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა განიხილეს.