19 ნოემბერი 2026,   09:29
ვრცლად
ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, ეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა - დონალდ ტრამპი

რამდენიმე საათში ჩინეთის ქალაქ შენჟენში, APEC-ის სამიტის ფარგლებში, დონალდ ტრამპის, სი ძინპინის და ვლადიმერ პუტინის, ისტორიაში პირველი, სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.

ერთობლივ მოლაპარაკებებამდე ამერიკის პრეზიდენტი ორივე ლიდერს პირისპირ შეხვდება.

მედია წერს, რომ პუტინთან ტრამპის ორმხრივი დისკუსიის მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომია. ამასთან კრემლს სურს, რომ კონფლიქტის დასრულების საკითხი საერთო ფორმატშიც, სი ძინპინის მონაწილეობით განიხილოს.

გამოქვეყნდა ოფიციალური დღის წესრიგიც: შეერთებული შტატების, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები განიხილავენ ახლო აღმოსავლეთში - ირანში მიმდინარე ესკალაციას, ბირთვული შეიარაღების კონტროლს, ვაჭრობასა და ეკონომიკას, მათ შორის ამერიკაში იშვიათი მინერალების ექსპორტსა და ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

"ჩინეთთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ეს მეგობრობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობაა. ნახეთ, როგორ ვისხედით ვახშამზე და როგორ დამხვდნენ გუშინ. ჩინეთის ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. პრეზიდენტ სი ძინპინს აქამდე აეროპორტში არცერთი უცხოელი ლიდერი არ დაუხვედრებია. ის ჩინეთის ერთ-ერთი უდიდესი პრეზიდენტია და ამ პატივისცემას ძალიან ვაფასებ.

დახვედრა განსაკუთრებული იყო - საზეიმო ცერემონია, მუსიკა, ათასობით ადამიანი, ბავშვები და ჯარისკაცები. ეს უდიდესი პატივისცემის გამოხატულება იყო. ეს დიდი გამარჯვებაა როგორც ჩვენთვის, ისე ჩინეთისთვის. იცით, ჩინეთთან ბევრს ვვაჭრობთ და ამ ურთიერთობით დიდ ფულს ვშოულობთ", - განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

დღის ამბები