რაც არ მოსწონთ, რაც მათთვის მიუღებელია, თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, - ეს განცხადება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, “ქართული ოცნების” წევრმა არჩილ გორდულაძემ ოპოზიციის წარმომადგენლების მისამართით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
მისივე თქმით, ოპოზიციის წევრებმა დაამტკიცეს, რომ ასაკრძალები არიან.
“რაც დღეს ვნახეთ არაკონსტიტუციური პარტიების განცხადებებიდან თავისუფალი მედიის დასანქცირებასთან დაკავშირებით, ეს არის ფსევდოლიბერალური ფაშიზმის კლასიკური გამოვლინება. აი, ხომ ამბობენ ხოლმე - ჩვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება უმნიშვნელოვანესია და ჩვენ პატივს ვცემთ იმ აზრსაც, ვიბრძოლებთ იმ აზრისთვის, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს. აღარ ვაკადრებ საზოგადოებას, რაც ნიკა გვარამიამ იკადრა და რა განცხადებაც გააკეთა, რა დაემართოს თავისუფალ მედიასო. ეს არის ზუსტად მათი დამოკიდებულება ქვეყნისადმი, ადამიანის უფლებებისადმი - რაც არ მოსწონთ, მათთვის რაც მიუღებელია, თუნდაც ქვა ქვაზე ნუ დარჩენილა, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სრული სიმართლე და ჭეშმარიტება.
კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ მათთვის ადამიანის უფლებებს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, არც დასაბუთებას, ისინი ყოველთვის გარეთ იყურებიან და გარედან რასაც გადაწყვეტენ, იმის უფლებაც კი არა აქვთ, რომ ხმა ამოიღონ და რაღაც თქვან ამის საწინააღმდეგო - პირიქით, მოხარული არიან თავისუფალ სიტყვაზე და დემოკრატიაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმისთვის. მეტი როგორ უნდა დაამტკიცონ ამ ადამიანებმა, ამ პარტიებმა, რომ ასაკრძალები არია, ალბათ, წარმოუდგენელია“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.
კონტექსტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ უპასუხა "ქართული ოცნების" დეპუტატის, არჩილ გორდულაძის კითხვას, "მხარს უჭერს თუ არა ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანია "იმედისა" და "პოსტივის" სანქცირებას?".
"რომ მკითხოთ მიხარია თუ არა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! ამ ჩემს ფეხებს, უკაცრავად! - დიახ, მხარს ვუჭერ "იმედის" და "პოსტივის" სანქცირებას!", - აღნიშნა გვარამიამ.