საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, სასამართლო პროცესზე მოწინააღმდეგე მხარემ დანაშაულის განხილვას თავი აარიდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების სანდოობა ეჭვქვეშ დააყენა და აცხადებს, რომ არაფერზეა პასუხისმგებელი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი.
შარმანაშვილის თქმით, ოპოზიცია დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ გადაწყვეტილებები სანდო არ არის, ხოლო თავად არაფერზე არიან პასუხისმგებლები.
"მათ არა მხოლოდ თავი აარიდეს დანაშაულის განხილვას, ასე ვფიქრობთო, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილებები, ერთი დაასახელეს, მეორე გადაწყვეტილება დაასახელეს, რომ ეს ობიექტური არ იყო და ამას არ ვეთანხმებითო. ესე იგი, იციან, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს ყველა სასამართლო გადაწყვეტილებას, მითუმეტეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა უნდა თქვან ახლა? უნდა თქვან, რომ ეს განაჩენები და გადაწყვეტილებები სანდო არ არის. აბა რა უნდა თქვან, დამნაშავე ვიყავით? ამას არ აღიარებენ. მართლა გამოეცლებოდა სასამართლოს წინაშე საფუძველი უფრო ჩვენს სარჩელს თუ იტყოდნენ, რომ კი წარსულში, რაც მოხდა ძალიან მძიმე ფაქტების მატარებელია, მაგრამ, ახლა ეს ახალი შემადგენლობა ვინც შევიკრიბეთ, გადავიაზრეთ ეს, შევიცვალეთ შეხედულებები და მომავლისთვის ჩვენ საფრთხეს არ წარმოვადგენთ. ამიტომ აუცილებლობა იმისა, რომ ჩვენი პარტიები გააუქმოთ არ არსებობს. რამდენად გაითვალისწინებდა ამას სასამართლო არ ვიცი, მაგრამ ლოგიკა ექნებოდა. რა გზას დაადგნენ? არაფერი არ მომხდარა, სასამართლოს გადაწყვეტილებები ეჭვს იწვევს და საერთოდ არაფერზე პასუხისმგებლები არ ვართ, უფრო მეტიც, მიხეილ სააკაშვილი არ არისო არაფერზე პასუხისმგებელიო. ხო ამ დარბაზში ითქვა? ეს ტაქტიკა აქვთ, იმდენად უსუსურები არიან თავის მტკიცებულებებში და იმდენად უსუსურები არიან ყველა იმ ფაქტის წინაშე, რომელიც ჩვენ მათ წარვუდგინეთ“,- განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.